მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, „ბრედფილდში“ წარმოებული პურით „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელიც მომარაგდება

60c9c308c1797
თელარა გელანტია
16.06.21 11:59
983
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო - „ბრედფილდი“ იხსნება. როგორც bm.ge-ის „მაკდონალდს საქართველოდან“ აცნობეს, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარია.

საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის - 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გადასამზადებლად „მაკდონალდსმა“ საქართველოში ავსტრიელი ექსპერტები მოიწვია. დასაქმებულები ექსპერტების დახმარებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ეუფლებიან. მათ შეისწავლეს დანადგარებთან მუშაობის წესები, გაეცნენ სამუშაო პროცესსა და სტანდარტებს.

“იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს - პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის”, — აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდი - „ბრედფილდი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და გეგმავს, მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს როგორც „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.

ასევე, კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად „მაკდონალდსი“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა და ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება.

მათი თქმით, აღნიშნული პროცესი დიდ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში. 2022 წლიდან კი „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.