28.დეკემბერი .2020 20:36

საქართველოში ბრენდ Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლებაზე დავა მიმდინარეობს

საქართველოში ბრენდ Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლებაზე დავა მიმდინარეობს
views 1035
უკან

ხვალ, 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრენდ Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ საქმის განხილვა გაიმართება. ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია SPI და მისი წევრი ZHS IP Worldwide Sarl-ი უკვე არაერთი წელია, რაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში Stolichnaya-ს იმპორტს ახორციელებენ და ქვეყანაში ამ პროდუქტის სავაჭრო ნიშანიც ეკუთვნით. 

კომპანიის განცხადების თანახმად, რუსული სახელმწიფო კომპანია FKP Sojuzplodoimport ცდილობს მოახდინოს მანიპულაციები რომლებიც ქართულ ბაზარზე მათი ინტელექტუალური საკუთრების (სავაჭრო ნიშნის) გაბათილებისკენ არის მიმართული. ამასთანავე, ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რუსული კომპანიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

„ქვედა ინსტანციის სასამართლომ მანამდე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია FKP Sojuzplodoimport-ის სასარგებლოდ, რაც ფაქტობრივად აბათილებს (გასაჩივრებადია) SPI ჯგუფის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

ეს საქმე საერთაშორისო დავის ნაწილია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთ კონტინენტზე მოხდა, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ექსპროპრიაციის მცდელობა უცხოური სასამართლოების მანიპულირების გზით, რუსულმა სახელმწიფომ შეძლო მხოლოდ სასაქონლო ნიშნების კონტროლი რამდენიმე იურისდიქციაში. კომპანიაზე 20-წლიანი თავდასხმის მიუხედავად, SPI ჯგუფი სავაჭრო ნიშანს ფლობს 180–ზე მეტ ქვეყანაში.

ქართული დავა განსხვავებულია ამ ბრენდთან დაკავშირებული დავების უმეტესობისგან. უმეტეს იურისდიქციებში, სადაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, რუსული სახელმწიფო კომპანია ცდილობდა მასზე გადაცემულიყო საბჭოთა პერიოდის სავაჭრო ნიშნები. საქართველოში, საბჭოთა პერიოდის სავაჭრო ნიშნები არ არსებობდა. ქართული სასაქონლო ნიშნები მხოლოდ SPI-მ დაარეგისტრირა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა.

შედეგად, რუსულ სახელმწიფოს მოუწია პრეტენზიის წარმოება, რომელიც ეფუძნებოდა „ერთგვარ“ ძალისხმევას, ქართველი მომხმარებლების გადარჩენას „შეცდომაში“ შესვლისგან, მაგრამ სწორედ რუსული სახელმწიფოა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ქართველი მომხმარებელი. SPI ჯგუფი არ აცხადებს, რომ მისი არაყი რუსეთში იწარმოება - პირიქით, მისი ეტიკეტებით ირკვევა, რომ არაყი მზადდება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ლატვიაში. ასე რომ, FKP ცდილობს შექმნას დაპირისპირება, რომელიც არ არსებობს.

ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლო არ გააუქმებს ქვედა სასამართლოს მცდარ გადაწყვეტილებას, ეს გზას გაუხსნის სხვა ოპორტუნისტებს, რომელთაც შეეძლებათ სხვა მნიშვნელოვანი ბრენდების სავაჭრო ნიშნის უფლებების გასაჩივრება ცრუ პირობებით. ეს ძლიერ შელახავს საქართველოს რეპუტაციას, მათ შორის ბიზნესის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში.

ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქართველოში სამართლიანობა იზეიმებს“, - აღნიშნულია ISP ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით BMG-ის იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე ესაუბრა, რომელიც პროცესში SPI ჯგუფის წევრს, კომპანია Wordwide-ს წარმოადგენს. მისი განცხადებით, რუსული კომპანია გამარჯვების მოპოვებას კანონის არასწორი ინტერპრეტაციით ცდილობს. 

"Sojuzplodoimport-მა მოითხოვა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. თავად ეს კომპანია არ უთითებს, რომ მისი რაომე უფლება დაირღვა, არამედ ის დავობს, როგორც ქართველი მომხმარებლების "უფლებების დამცველი" და ითხოვს ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვას ვინაიდან ამტკიცებს, რომ ქართული მომხმარებელი შესულია შეცდომაში. იმის გამო, რომ ქართველი მომხმარებელი სიტყვა Stolichnaya-ს უკავშირებს რუსეთს და საბჭოთა კავშირს და არა ლატვიას, სადაც იწარმოება საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი. ფაბულა ამ საქმის არის შემდეგი, რომ თითქოს რუსული სახელმწიფო კომპანია იცავს მომხმარებელთა უფლებებს. 

მოსარჩელე სოციოლოგიური დასკვნის შედეგებით ცდილობს დამტკიცებას, კერძოდ მომხმარებლებს დაუსვეს კითხვა, თუ რა ასოციაციებს უკავშირებს მომხმარებელი ალკოჰოლური ბრენდის "სტალიჩნაიას" ბრენდს და მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ რუსეთს უკავშირებს და არავინ არ უკავშირებს ლატვიას ამ ბრენდს და მოსარჩელის აზრით ეს უნდა იყოს გაუქმების საფუძველი. ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო სავაჭრო ნიშნების უმრავლესობა, რომელთაც მოსახლეობა უკავშირებს ერთ ქვეყანას, მაგრამ ის წარმოებულია სხვა ქვეყანაში ექვემდებარება გაუქმებას. მაგალითად, Burberry-ი, რომელსაც მომხმარებელი უკავშირებს ინგლისს, შეიძლება ინგლისის ნაცვლად სხვა ქვეყანაში მზადდებოდეს, მაგალითად ბანგლადეშში, ან პერუში. ან Hugo Boss-ი, რომელსაც მომხმარებელი გერმანიას შეიძლება უკავშირებდეს, ჩინეთში მზადდება,"- აცხადებს შარაბიძე.

იურისტის განცხადებით, სარჩელი კანონმდებლობაში არსებული დებულების ბრალია, რომლის თანახმადაც თუ სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს უქმნის "არასწორ წარმოდგენას" ამა თუ იმ პროდუქციის გეოგრაფიული ადგილწარმოშობის შესახებ, მაშინ ამგვარი ტიპის ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება, გაუქმდეს.

„რუსულმა კომპანიამ მოძებნა, ასე ვთქვათ, ხვრელი ქართულ კანონმდებლობაში, ეს პოსტულატი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართველი მომხმარებელი ტოტალურადაა შეყვანილი შეცდომაში.

ეს დავა ძალიან პრეცედენტულია და თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ქვეყანაში გამოიწვევს ქაოსს ამ მიმართულებით - ამან შეიძლება, საქართველოში რეგისტრირებული ყველა საერთაშორისო სასქონლო ნიშნის გაუქმება გამოიწვიოს ანალოგიური საფუძვლით“, - აცხადებს კახა შარაბიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა