მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვება 6%-ით შემცირდა

5fdb42f269f4e
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.20 16:50
3032
2019 წლის განმავლობაში საქართველომ 9.6 მილიონი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმაზე ათასჯერ მცირეა, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მეშვეობით თურქეთში გადის.

2019 წლის განმავლობაში საქართველოში გაზის მოხმარებამ 2.7 მილიარდი მეტრ კუბი შეადგინა, შესაბამისად ადგილობრივი მოპოვება მთლიანი მოხმარების 0.35%-ია. საქსტატის თანახმად, გაზის ძირითადი მომხმარებელი მოსახლეობაა, რომელმაც გასულ წელს 966 მილიონი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა. კერძო და სახელმწიფო სექტორის მოხმარება კი 225 მილიონი მეტრ კუბი იყო. თბოსადგურებმა კი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის 666.4 მილიონი მეტრ კუბი გაზი მოიხმარეს. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა.

რაც შეეხება ე.წ. “თავისუფალ გაზს”, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე მომყოლ გაზს მოიპოვებს ”ბლეიკ ოილ ენდ გეზის” შვილობილი ”ნინოწმინდის ნავთობის კომპანია”. ასევე, ინდური კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია” XIB სალიცენზიო ბლოკზე, ნავთობის მოპოვებასთან ერთად მომყოლ გაზსაც მოიპოვებს.

სულ საქართველოში მოპოვებულია 2.8 მილიარდი მეტრ კუბი გაზი, რომლის უდიდესი ნაწილიც საბჭოთა პერიოდის მოპოვებაზე მოდის.