11.ივნისი .2018 18:35

საქართველოში ციფრული ეკონომიკის ასოციაცია დაფუძნდა

views 740
უკან

„ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს ციფრული ეკონომიკის გლობალურ პროცესებს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ“ - ასე განმარტა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის (DEAG) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ ახალი ასოციაციის შექმნის მოტივი, რომლის გარშემოც 50-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი გაერთიანდა. მისივე თქმით, მრავალწევრიანი ორგანიზაციის დამფუძნებლების ერთიან მიზანს თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებთან მაქსიმალურად უშეცდომო ადაპტირება და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა წარმოადგენს.

DEAG ციფრული ბიზნესკულტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს სტიმულირებასა და მხარდაჭერას მოემსახურება; ასევე მიზნად ისახავს, საინვესტიციო პლატფორმის მომზადებას, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სისტემების ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას და ამ მიზნით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ციფრული აქტივებისა და ციფრული ელექტრონული ვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვას, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და სხვა ინოვაციური პროექტების წარდგენას.

„ჩვენ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზას ვთავაზობთ. უნდა მოხდეს ციფრული აქტივების სწორი რეგულირება საქართველოში (მაგ, AML პოლიტიკის გატარება, ინვესტორთა დაცვა). შედეგი - არსებული კომპანიებისა, თუ სტარტაპ პროექტების ტოკენიზაცია (ციფრული აქტივების გამოშვება) და ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალურად მიმდინარე პროცესი - კრიპტოლიბერალური რეფორმა გლობალური სივრციდან შემოიყვანს კომპანიებს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს. ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელზე. უცხოური კაპიტალის შემოდინება აწყობთ კომერციულ ბანკებსაც. ზოგადად, ეს გარდაუვალი პროცესია და თანამშრომლობას სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ დღეს უნდა ავუწყოთ ფეხი მომავალს“ - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია (DEAG) 2018 წლის 1 ივნისს დაფუძნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა