მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დაბადებული ბავშვი ზრდასრულობისას პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს - WB-ის ინდექსი

5f639274d1ac9
BM.GE
17.09.20 22:39
5046
მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის (HCI) განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პანდემიამდე პერიოდში არსებულ ადამიანური კაპიტალის განვითარებას აფასებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.57-ია, რაც მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელი მეტია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემზე და ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (რომელიც 0.54-ს შეადგენდა), ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე შედარებით დაბალია. საქართველოში განათლების ხარისხის ზრდა, რომელიც ბოლო დროს საერთაშორისო შეფასებებშიც აისახა, ქვეყანას დაეხმარება გაუტოლდეს რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს.

„საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროექტი ადრეულ ეტაპზევე დანერგა და თანმიმდევრულად ცდილობს თავისი მომავალი თაობების კეთილდღეობის ამაღლებას. ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპლექსური საკითხია და როგორც ვხედავთ, წინ მიმავალი გზა აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობის სამი ათეული წელი გვიჩვენებს, რომ ერთად ნებისმიერი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის მიმართ,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. „საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი საქართველოს შედეგების გასაუმჯობესებლად განათლების მიმართულებით და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის გრძელვადიანი შედეგების გასაუმჯობესებლად, რათა ძლიერი საფუძველი მოვამზადოთ მომავალი წარმატებებისთვის.“

წლევანდელ ანგარიშში შესულია 103 ქვეყნისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლების ანალიზი 2010- დან 2020 წლამდე.

ანგარიშის მიხედვით, პოლონეთში დაბადებული ბავშვი, სრულყოფილი განათლების და ოპტიმალური ჯანმრთელობის პირობებში, ზრდასრულ ასაკში თავისი პროდუქტიულობის სავარაუდოდ 75%-ს მიაღწევს, ხოლო ტაჯიკეთში დაბადებული ბავშვი კი მხოლოდ 50%-ის რეალიზებას შეძლებს.

ქვეყნების მიხედვით ტოპ ხუთეული ასეთია:

1) სინგაპური - 0.88 ქულა;
2) ჰონგ-კონგი - 0.81 ქულა;
3) იაპონია - 0.80 ქულა;
4) სამხრეთ კორეა - 0.80 ქულა;
5) შვედეთი - 0.80 ქულა.

საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყნას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვს:

რუსეთი - 0.68 ქულა;
სომხეთი - 0.58 ქულა;
აზერბაიჯანი - 0.58 ქულა;
თურქეთი - 0.65 ქულა.

მეთოდოლოგია:

მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსი აკვირდება ბავშვის განვითარებას დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე, ისეთი ელემენტების გათვალისწინებით, როგორებიცაა 5 წლის ასაკის მიღწევის ალბათობა (დაბადებიდან 5 წლამდე); ხარისხით კორექტირებული დაწყებითი და საშუალო სასკოლო განათლების წლების რაოდენობა; შეუფერხებელი განვითარების მაჩვენებელი; ხანდაზმული ასაკის მიღწევის მაჩვენებელი.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში მათი ეგიდით ორი პროექტი მიმდინარეობს. პირველი პროექტია „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“, რომელიც მიმართულია სკოლამდელ და მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ;

მეორე კი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი Log-in Georgia-ა, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას სოფლად მცხოვრები დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის.