მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დამზადებული ნაწილებით Boeing-ი თვითმფრინავებს უშვებს - რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Elbit-ის?

61ffda59659a1
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.22 18:20
9986
საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო გაიხსნა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და კომპოზიტური ნაწილების მიმწოდებლის სტატუსი მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2020 წელს ამერიკული გიგანტისთვის მიწოდებული ნაწილების ღირებილება 9 მილიონი დოლარი, ანუ 28.2 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2019 წელს მიღებული შემოსავალი 12.2 მილიონი ლარი იყო. ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო, წარმოების მოცულობა დაგეგმილზე მცირე აღმოჩნდა, ამიტომაც 2020 წელი კომპანიამ 13.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს საწარმომ Boeing-ისთვის სულ 325 ნაწილი დაამზადა. ამასთან, მითითებულია, რომ პანდემიის გამო 2020 წელს Boeing 787-ის შეკვეთების რაოდენობა შემცირდა, რაც ქართული საწარმოს ფინანსურ შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახება. შეცვლილია სტრატეგიული გეგმაც, რომელიც 2023 წლიდან გაუმჯობესებულ მოლოდინებს ეფუძნება.

“2020 წელს კომპანიამ შეძლო რეალიზაციის მნიშვნელოვნად გაზრდა, რიც განპირობებული იყო მასიურ წარმოებაზე სრულად გადასვლით და ასევე ახალი პროექტის დაწყებით (D640, Intercostals) კომპანიამ ვერ შეძლო 2020 წელი მოგებით დაესრულებინა, რაც მოსალოდნელი იყო რადგან ესეთი დონის რეალიზაცია ვერ უზრუნველყოფს ხარჯების სრულად დაფარვას. რეალიზაციის ზრდის შეფერხება კი თავის მხრივ გამოწვეული იყო გლობალური პანდემიით (COVID-19).

მართალია გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა თავდაპირველი რეალიზაციის გეგმა ითვალისწინებდა 44.6 მილიონი ლარის გაყიდვებს და რეალურად, გეგმის 63% შესრულდა.

ამჟამად კომპანია ამზადებს ნაწილებს Boeing 787 Dreamliner -სთვის, შესაბამისად, აქედან გამომდინარე კომპანიის საქმიანობის მომგებიანობასა და მის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია კომპანია ბოინგის მიერ წარმოების შემცირება, მათ შორის 787 Dreamliner-ის საწარმოს დახურვა სამხრეთ კაროლინაში რამდენიმე კვირით. აღნიშნულმა გამოიწვია კომპანიის შეკვეთების შემცირება. პანდემიის ხარგრძლივი პერიოდით გაგრძელების შემთხვევაში ავიაგადაზიდვების სერვისი ბაზრის შემცირებას გააგრძელებს, რაც ავტომატურად ნიშნავს თვითმფრინავის ნაწილებზე (დეტალებზე) მოთხოვნის შემცირებას. აღნიშნული კი კორექტირებებს შეიტანს კომპანიის საქმიანობაში. მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, კომპანია სრულად ვერ შეასრულებს იმ კონკრეტულ წელს დაგეგმილ ფინანსურ საპროგნოზო მაჩვენებლებს.

კომპანიის მომავლის პროგნოზი ეფუძნება თვითმფრინავმშენებლობაში საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს. კერძოდ 2021-2022 წლებში ბაზარის ეს სეგმენტი არ გაიზრდება და შეინარჩუნებს 2020 წლის მაჩვენებელს, ან შეიძლება შემცირდეს კიდეც. 2023 წელი ნორმალური იქნება ბაზრისთვის, ხოლო 2024 წლიდან მოსალოდნელია გაყიდვების ზრდა. 2026-2028 წლებში კი გაყიდვები პიკს მიაღწევს და დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. აღნიშნული განაპირობებს სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)’’-ს განვითარების სტრატეგიასაც, რაც გულისხმობს 2021-2022 წლებში კომპანიის საქმიანობის არსებული სახით შენარჩუნებას და ხარჯების ოპტიმიზაციის გაკეთებას რომ ეს კრიზისული პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ განვლოს. ხოლო 2023 წელს ზრდისთვის მომზადებას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საწარმოს აქტივები 51.7 მილიონ დოლარს შეადგენს, კომპანია 167 ადამიანს ასაქმებს.

თავად Boeing 787-ის ლაინერის ღირებულება $290 მილიონს შეადგენს, შესაბამისად ამერიკული გიგანტის ქართული მიმწოდებლის მიერ რეალიზებული ნაწილების ღირებულება ჯერჯერობით საკმაოდ მცირეა.