მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დასრულებული მშენებლობის ფართობი 44.6%-ით შემცირდა

5f2277390f268
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 11:33
862
2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მხოლოდ 758,8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტების მშენებლობა დასრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 44.6%-ით ნაკლებია. რაც შეეხება უშუალოდ დასრულებული მშენებლობების რაოდენობას ის 810-ს შეადგენს, რაც წლიურად 34.5%-ით არის შემცირებული. 

რაც შეეხება გაცემული ნებართვების რაოდენობას, ის იანვარ-ივნისის პერიოდში 4,169 იყო, რაც წლიურად 16.5%-ით ნაკლებია, ეს კი ნიშნავს, რომ  პანდემიამ ნებართვების გაცემის პროცესზე უფრო მძიმე გავლენა იქონია.

"მთლიანი ფართობებიდან 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები) ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი აჭარის ა.რ.-ზე,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის კრიზისის ფონზე, უძრავი ქონების გაყიდვების სტიმულირებისთვის იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც მსესხებლებს ლარის იპოთეკის 4%-იან თანადაფინანსებას სთავაზობს. ამასთან, მხარდაჭერის პაკეტი მთავრობის მხრიდან იპოთეკურ სესხზე 20%-ის ოდენობით გარანტიის გაცემასაც ითვალისწინებს. 

სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაწილი მთავრობის მიერ მშენებლობის დასრულების გარანტიის გაცემასაც გულისხმობს. დეველოპერების მიერ სპეციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მთავრობა კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსის ფართის 30%-ის გარანტირებას მოახდენს, იმ შემთხვევაში თუ კომპანია დადგენილ ვადებში ვერ მოახერხებს ამ ფართის რეალიზებას, მთავრობა მას დადგენილი წესით შეიძენს (და შემდგომში დევნილ მოსახლეობას გადასცემს). ამ გზით სახელმწიფო 200 მილიონი ლარის საბინაო ფონდის "გარანტირებას" გეგმავს.