მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობამ 10%-ს გადააჭარბა

5ee1d8fd5d979
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.20 11:48
1027
საქართველოში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობამ მთლიანი ავტოპარკის 10%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ დაზღვევის ბაზრის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა. 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ 142,783 ავტომობილი იყო დაზღვეული, რაც წინა წელთან შედარებით, 22.6%-ით მეტია.

ამ ზრდის შედეგად, გასულ წელს დაზღვეული ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკთან (1,375,794 ავტომობილთან) მიმართებით 10.4% გახდა. 2018 წელს დაზღვეული ავტომობილების წილი 8.81%-ს შეადგენდა.

კონკურენციის სააგენტოს მიმოხილვა, ავტოდაზღვევის ბაზრის ზრდაზე მეტყველებს. 2015 წელს დაზღვეული იყო ავტოპარკის 7.15%, 2016 წელს - 5.79%, 2017 წელს კი 7.66%.

“მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ წლებში ბაზარი ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში არსებულ ავტოპარკთან შედარებით მცირეა და შესაბამისად არსებობს ბაზრის ათვისების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამასთან, მრავალმხრივი რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს კონკურენციის არსებობას, როგორც ბაზრის ათვისებულ, ასევე პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიმართულებითაც,”- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიმოხილვაში.

რაც შეეხება ბაზრის მოთამაშეებს, ჯამურად, ამ ბაზარზე 16 სადაზღვევო კომპანია საქმიანობს, მათ მიერ მოზიდული პრემიის ოდენობა კი გასულ წელს 96.7 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 33%-ით მეტი იყო. 2019 წლის შედეგებით, ბაზარზე წილები ასე ნაწილდება:

1. თიბისი დაზღვევა - 26%;
2. ალდაგი - 22%;
3. ჯიპიაი - 20%;
4. არდი - 5%;
5. ირაო - 5%.
6. სხვა კომპანიები - 26%.

კონკურენციის სააგენტო ასკვნის, რომ მათი შეფასებით, ავტოდაზღვევის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ნიშნები არ შეიმჩნევა.