მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასი გადავიდა - განათლების სამინისტრო

61696711d8b4a
თელარა გელანტია
15.10.21 15:30
1131
სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი.

„კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს“, - ნათქვამია რელიზში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.