მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზარდა

60a391d38590e
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.21 09:00
723
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის 4 თვის განმავლობაში ადგილობრივ ეკონომიკას 4.5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიეწოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 მილიონი კილოვატ საათით მეტია.

რაც შეეხება ადგილობრივ გამომუშავებას, ის 19%-ით შემცირდა და 2.98 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის “ენგურჰესის” სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო, თუმცა 3-თვიანი გაჩერების შემდეგ სადგურმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ აღადგინა.

ადგილობრივი გამომუშავების კლების ფონზე 117%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი. მთლიანობაში წელს დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. თავის მხრივ იმპორტის დიდი ნაწილი - 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია.

ქვეყნების მიხედვით ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის 4 თვეში ასე ნაწილდება:

● რუსეთიდან - 1.037 მილიარდი კილოვატ საათი (მათ შორის აფხაზეთისთვის 924 მილიონი კილოვატ საათი);
● აზერბაიჯანი - 499 მილიონი კილოვატ საათი;
● თურქეთი - 161.2 მილიონი კილოვატ საათი.

საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებლები დენს სადისტრიბუციო კომპანიებიდან ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-აპრილში “თელასის” აბონენტებმა 930 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, “ენერგო-პროს” აბონენტების მოხმარებამ კი 1.49 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

ქვეყანაში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას სადისტრიბუციო კომპანიების გვერდის ავლით ყიდულობს. პირდაპირი მომხმარებლების მიერ 2021 წლის იანვარ-აპრილში მოხმარებული ელექტროენერგია 931 მილიონი კილოვატ საათი იყო. ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.

ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკურ აქტივობასთან პირდაპირ კორელაციაშია. 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა, ეკონომიკური ვარდნა კი 6.2% იყო. 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 5.1%-იანი ზრდა ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს.