13.ივლისი .2022 14:42

საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - ევროპარლამენტარები

საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - ევროპარლამენტარები
views 2982
უკან

დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური ანგარიშის პროექტი განიხილა, რომელიც ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის მიერ იყო მომზადებული.

სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის წევრებმა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა.

„ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისა და შარ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ მოუწოდებს, თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობა საპირისპიროს აკეთებს - მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია შექმნეს, თუმცა თუ მათ განცხადებებს მოუსმენთ, დაინახავთ, რომ ისინი პოლარიზაციის გამწვავებას ცდილობენ.

[მთავრობის წარმომადგენლები] ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ - არა მარტო ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩსა და ევროკავშირს, თითქოს ჩვენ მათ ომისკენ ვუბიძგებდეთ, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს ამას, რაც სრული აბსურდია!

ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლის ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე დასავლეთია, საქართველოს მმართველი პარტიაც მსგავს რამეს იმეორებს. როგორც ჩანს, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ავუხსნათ მათ, თუ რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი - რა არის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, რადგან თავად არ ესმით.

ოლიგარქი არის პიროვნება, რომელსაც აქვს დიდძალი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია, რომ მინისტრებად და პრემიერ-მინისტრებად თავისი ყოფილი დაცვა, მრჩევლები და ასისტენტები დანიშნოს. ასეთი პიროვნება საქართველოში მხოლოდ ერთია - ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

კომიტეტის სხდომაზე ოლიგარქის გადამეტებული გავლენისა და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა პრობლემების შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმაც.

„ერთი ოლიგარქი პოლიტიკურ ლანდშაფტზე გადამეტებულ გავლენას ინარჩუნებს. გარდა ამისა, შეჩერებულია სასამართლო რეფორმები. ვხედავთ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის შემთხვევებს, აგრეთვე ვხედავთ დე-ფაქტო პატიმრობის შემთხვევებს, როგორიცაა მესამე პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის დირექტორის შემთხვევები - აღნიშნული ტენდენციები აუცილებლად უნდა გამოვყოთ“, - დასძინა ლექსმანმა.

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა