მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფილმების გადასაღებად უფრო და უფრო მეტი ისრაელური კომპანია ჩამოდის - ელჩი

63e738c2e6c6e
თამთა ჯიჯავაძე
11.02.23 11:00
1357
"ბოლო პერიოდში საქართველოში უფრო და უფრო მეტი ისრაელური კინოინდუსტრიის წარმომადგენელი ჩამოდის ფილმების გადასაღებად", - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა BMG-ის ეთერში განაცხადა.

„ამას ალბათ ის ფაქტიც ემატება, რომ უკრაინაში ომია და ამ დროისთვის ეს ქვეყანა ამ კუთხით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, მიხარია, რომ საქართველოში ისრაელელების მიერ უფრო და უფრო მეტი ტელესერიალის თუ ფილმის გადაღების შესახებ მესმის. ვფიქრობ, ინვესტიციებში ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ესეცაა“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

რაც შეეხება სფეროებს, რომლებსაც შეიძლება უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდეთ ისრაელელი ინვესტორების მოსაზიდად საქართველოში, დიპლომატმა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა და IT სფერო დაასახელა.

„ვფიქრობ, ბევრია, თუმცა ალბათ სოფლის მეურნეობა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. სოფლის მეურნეობის პროდუქცია საინტერესოა, რა თქმა უნდა, მათ შორის ღვინო, საკვები პროდუქტები. ახლახან საქართველოდან გოგრის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პროდუქტია, რაც შეგვიძლია ამ კუთხით განვიხილოთ. ასევე, IT სფერო და ინოვაციები - ესენი ნამდვილად არის ის სფეროები, სადაც მუდმივად უნდა ვხედავდეთ შესაძლებლობებს, რათა ორივე მხარის ბიზნესპერსონები ერთმანეთს დავაკავშიროთ, და ორივე ქვეყნის ეკონომიკები განვავითაროთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ისრაელიდან 2022 წლის პირველ სამ კვარტალში, დაახლოებით, 23 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როცა მთლიანად 2021 წლის განმავლობაში 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2020 წელს საქართველოში ისრაელიდან $11 მლნ-ის, ხოლო 2019 წელს - 24 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.