მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება

5ec3bd44ebc15
BM.GE
19.05.20 15:00
1253
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში Fulbright-ის პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას.

ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს Fulbright-ის პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას.

მიხეილ ჩხენკელი: „პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ მომანიჭა უფლებამოსილება, დღეს ხელი მოვაწერო მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უფრო მეტად გააფართოებს აშშ-სა და საქართველოს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის არეალს. Fulbright-ის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ათობით მოქალაქე სარგებლობს ამ უნიკალური შესაძლებლობით და მათ აქვთ საშუალება, სწავლა გააგრძელონ ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღეს Fulbright-ის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რაც ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან. ფასდაუდებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების –როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობაში და პანდემიის პირობებში ეს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. მადლობა ამ ყველაფრისთვის ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და მის აღმატებულებას ქალბატონ კელი დეგნანს“.

ელჩი კელი დეგნანი: „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მეტი ახალგაზრდა ამერიკელის ჩამოყვანას შევძლებთ საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად. Fulbright-ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები არა მხოლოდ დაეხმარებიან ქართველ სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლის გაძლიერებასა და განათლების მიღების პროცესში, არამედ შესაძლებლობას მისცემენ მათ, მეტი გაიგონ ამერიკული კულტურისა და ღირებულებების შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ ETA-ს პროგრამას აქამდე აშშ-ის საელჩო საქართველოს უნივერსიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობით ახორციელებდა. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს. Fulbright-ის თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც საქართველო ცდილობს, გააფართოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო გეგმის შემუშავების კუთხით, რეგიონულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გზით.