მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გაცემული თამბაქოს აქციზების რაოდენობა გაიზარდა

6368b31d38497
BM.GE
08.11.22 09:45
598
2022 წლის 8 თვეში საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე 215 მილიონი ინდივიდუალური სააქციზო მარკა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.5 მილიონი აქციზური მარკით, ანუ 18.3%-ით მეტია.

ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რამ განაპირობა აქციზური მარკების რაოდენობის ზრდა. შესაძლოა, ბაზარზე რომელიმე კომპანიამ წინასწარ გააკეთა უფრო მსხვილი მარაგები, ვიდრე გასულ წელს ჰქონდა, ან შესაძლოა ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება გაიზარდა. მოხმარების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყანაში ათიათასობით მიგრანტის შემოსვლა და ტურიზმის მკვეთრი აღდგენა შეიძლება იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსი მიგრანტების უდიდესი ნაწილი მამაკაცია, შესაძლოა, ამის გამო ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს სიგარეტის ადგილობრივი გაყიდვები გაეზარდათ.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანაში 192 მილიონი აქციზური მარკა გაიცა იმპორტულ სიგარეტზე, ხოლო 1.9 მილიონი აქციზური მარკა იმპორტულ ელექტროსიგარეტის სითხეებზე. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ ფილტრიან სიგარეტზე 15 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, ხოლო ადგილობრივ ელექტროსიგარეტის სითხეებზე 5 მილიონი აქციზური მარკა.

2022 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან 597 მილიონი ლარის შემოსავალი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია.

2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც ქართულ ბაზარზე სიგარეტი ერთგვაროვანი (სადა) შეფუთვით უნდა გაიყიდოს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი ძირითადად უკრაინის ქარხნებიდან შემოდიოდა, კომპანიები მიუთითებენ საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობაზე, რათა რეგულაციის შესაბამისი კოლოფით მოახდინონ პროდუქციის მოწოდება.