მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გასტრო-ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია დაფუძნდა - გეგმები და მიზნები

5dfa13518bf37
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.19 15:52
6289
20 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მსურველ გასტრონომიულ კომპანიებს, ახლადშექმნილ ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ. 

Bm.GE ასოციაციის თავმჯდომარე თამარ სიხარულიძეს დაუკავშირდა და ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე ესაუბრა.

თამარ სიხარულიძის თქმით, ორგანიზაციის შექმნის მიზანი ქართული კულინარიის პოპულარიზაცია და იმ პრობლემებზე მუშაობაა, რომელიც საქართველოში გასტრო-ტურიზმის სფეროში არსებობს.

„პირველ რიგში, ასოციაციის მიზანია, მსოფლიოს გააცნოს ქართული კულინარია, დაამყაროს მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიოს გასტრონომიულ ასოციაციებთან, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ კონკურსებში, იზრუნოს ამ სფეროში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ეს ორგანიზაცია იყოს ქმედითი. ვგეგმავთ წელიწადში ოთხჯერ ჩატარდეს ძალიან მაღალი დონის ფორუმი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც გასტრონომიის, ისე შეფების განვითარებისთვის, ბრენდების განვითარებისთვის და ა.შ.

სარესტორნე ბიზნესში ძალიან ბევრი პრობლემაა და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს განვითარებაში. გვექნება კარგი საგანმანათლებლო აქტივობები - ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც გასტროტურიზმი კარგადაა გავითარებული და ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ", - ამბობს გასტრო-ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

რაც შეეხება იმას, ვინ დგანან ასოციაციის შექმნის იდეის უკან, თამარ სიხარულიძემ თქვა, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს სფერო და უნდათ, თავისი ცოდნა და კონტაქტები საქართველოში ამ მიმართულების განვითარებისთვის გამოიყენონ. ამასთან, მისივე თქმით, დამფუძნებელთა შორისაა, 1965 წელს რესტორნის ფრანგი კრიტიკოსების Henri Gault-ის და Christian Millau-ს დააარსებული კულინარიის გზამკვლევი Gault & Millau, რომლის კატალოგი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტების და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

„ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები ვართ ამ სფეროში გაცნობიერებული ადამიანები. ერთ-ერთი დამფუძნებელი არის Gault & Millau (გუი&მიო) - ფრანგული მსოფლიო ბრენდი, მე - თამარიკო სიხარულიძე, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი; ქეთი კვიჭიძე, რომელიც გასტრო-ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და სემინარები და ტრენინგები აქვს რეგიონებში; დადუნა ღლონტი, რომელიც არის ბრენდ შეფი; გურამ ბაღდოშვილი - შეფ-მზარეული და სალომე ვაშალომიძე, რომელიც საქართველოში "გუი&მიოს" დირექტორია, მაგრამ როგორც "გუი&მიოს" დირექტორი ასე არ არის წარმოდგენილი, მასაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ეს ასოციაცია ჩვენი ინიციატივით ფუძნდება. ძალიან კარგი კონტაქტები აქვს თითოეულ ჩვენგანს, რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, - გვითხრა თამარ სიხარულიძემ.

კითხვაზე, რა რესურსი ექნებათ დამფუძნებლებს იმისთვის, რომ გეგმებს ხორცი შეასხან, ასოციაციის თავმჯდომარემ თქვა, რომ გასტრო-ტურიზმის განვითარებისთვის დამფუძნებლები ყველანაირ რესურს გამოიყენებენ, იქნება ეს საწევრო გადასახადები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროექტების დაფინანსების კომპონენტებით სარგებლობა თუ - დამფუძნებლების რესურსი.

„ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში კომპანიები სიმბოლურად საწევროს გადაიხდიან, საიდანაც მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, მაგრამ ვფიქრობთ, ურთიერობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავს პროექტებს აფინანსებენ. ასევე, მაგალითად, თავად „გუი&მიოს“ კომპანიას შეუძლია მოიწვიოს სხვადასხვა გამოცდილი შეფმზარეულები, უზრუნველყოს მათი ჩამოსვლის ფინანსური მხარე და ისინი ჩვენ ანაზღაურების გარეშე გაგვიწევენ კონსულტაციებს“, - განაცხადა თამარ სიხარულიძემ.