მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო - მიზეზები

61487d02ab558
დავით ჯალაღონია
20.09.21 18:15
1552
ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დაიწყო, რომელიც მშენებლობის ეტაპზე ვერ გადავიდა. გაჭიანურების მიზეზად, წლების განმავლობაში თუ სატენდერო, ბიუროკრატიული პროცედურები სახელდებოდა, ამჯერად გაზსაცავისთვის გამოყოფილი თანხები პანდემიამ "წაიღო".

150 მილიონი ევრო - ეს არის თანხა, რაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW) სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყო, საიდანაც გასულ წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. ამ გადაწყვეტილებიდან არასრული ერთი წლის თავზე კი ხელისუფლებამ, ევროკავშირის 150 მლნ-ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე უარი განაცხადა. ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.125 მეათასედი იყო. მიზეზად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარი და საგარეო ვალის შემცირების მიზანი დაასახელეს.

მართალია, დღეისთვის, სტრატეგიული დანიშნულების ამ ობიექტის სამომავლო დაფინანსების წყარო უცნობია, მაგრამ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საშემოდგომო სესიისთვის მისაღები კანონპროექტების ნუსხა გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ გაზსაცავის მშენებლობისა და ოპერირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომზადება და ამ მიზნით, რამდენიმე კანონში ცვლილებები იგეგმება.

კონკრეტულად, რა შინაარსის ცვლილებები იგეგმება, ან მიზობრივად გაზსაცავისთვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსის სხვა მიმართულებით დახარჯვის შემდეგ, როგორ აპირებს ხელისუფლება სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას - ამ კითხვებით BM.GE-მ პროექტის უშუალო ზედამხედველ უწყებას - ნავთობისა და გაზის კორპორაციას მიმართა, რომლის დირექტორის მრჩევლისგან თემურ გოჩიტაშვილისგან წერილობითი პასუხი მიიღო:

"გაზსაცავთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ მომზადებულა;

გაზსაცავის პროექტი დროებით შეჩერებულია მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის დაფინანსების საკითხზე;

120 მლნ ევროს დაბალანსების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა".

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის ათწლიან გეგმაშიც არის საუბარი, თუმცა - წარსულ დროში.

“პანდემიით გამოწვეული სირთულეების კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში აქტიურად განიხილებოდა, აგრეთვე, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს შუა ეოცენის დანალექი შრის რეზერვუარის ბაზაზე. გაზსაცავი ბუნებრივი გაზის ნაკადების რაციონალური მართვისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. გაზსაცავის მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალია საქართველოსათვის, როცა ბაზარი ძირითადად ენერგეტიკული რესურსების იმპორტზეა დამოკიდებული. მიწისქვეშა გაზსაცავი ასრულებს ბაზრის დაბალანსების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციასაც.

შეთანხმებული იყო პროექტისათვის 150 მლნ ევროს სესხის გამოყოფა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო (KFW) ბანკიდან. თუმცა, პანდემიის შედეგად წარმოშობილ სიტუაციაში, ქვეყანაში გაჩნდა ფინანსების დეფიციტი სოციალური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება სესხის დღეისათვის აუთვისებელი ნაწილის, 120 მლნ ევროს რეპროგრამირებისა და მისი სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ, მხარდაჭერის სახით. შესაბამისად, როგორც მინიმუმ რამდენიმე წლით გადაიწევს გაზსაცავის საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებთან დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობაც”, - წერია დოკუმენტში.

ღია კითხვებით დარჩენილ ამ პროექტს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გზაზე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად აფასებს. მისი აზრით, მსგავსი შეფერხებები იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანას განვითარების ერთიანი სტრატეგია არ აქვს.

“ეს გაზსაცავი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვითარება და თუ გვინდა, შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი. აქ სათუო და საორჭოფო არაფერია - თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. ეს არის სამუშაო, რომელიც უნდა დავავალოთ მთავრობას”, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი და აქვე საკუთარ აზრს აფიქსირებს იმის შესახებ, თუ რატომ გადავადდა რამდენჯერმე გაზსაცავის მშენებლობა ჯერ კიდევ პანდემიამდე.

“მიზეზი ისევ მოკლევადიანი პრიორიტეტები, მიმდინარე პოლიტიკური პრიორიტეტებია. საზოგადოებაში არ არის განვითარების სტრატეგიული ხედვა - რას ვაკეთებთ, რა გვინდა? როცა ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგია არ გაქვს, ენერგეტიკაშიც და სხვა დარგებშიც ალბათ იგივეა. უნდა იყოს ერთიანი ღერძი, რომ ჩვენ ვართ და გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდეთ, ევროკავშირის წევრი და ა.შ და ამას რაც სჭირდება, ყველა დარგში უნდა გაკეთდეს შესაბამისად”, - მიიჩნევს ენერგეტიკოსი.

კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე, ამის შესახებ ისევ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დამტკიცებული, ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების 10-წლიანი დოკუმენტიც მიგვანიშნებს, სადაც წერია, რომ 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ, გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით 22 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, რაც საქართველოს შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის მიღების საშუალებას მისცემს. ამ იაფიან რესურსს კი ჩვენი ქვეყანა ზაფხულის პერიოდში, როცა გაზზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, გაზსაცავში ვერ შეინახავს.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძეც საუბრობს. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველ მიზეზ გარეშე ახალი ფინანსური სახსრები უნდა მოიძიოს და პროექტი განახორციელოს.

“ერთი რამ გამახსენდა - ქუთაისში ლადო მესხისშვილის თეატრი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა და კაცი რომ დააცემინებდა, ასეთი გამოთქმა იყო, არაფერი გეტკინოს ლადო მესხიშვილის თეატრის აშენებამდეო. 2002 წლიდან დგას ეს პრობლემა, როცა შევარდნაძემ და უფროსმა ალიევმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ბოლო წლებში გამოიკვეთა კარგად, რა, სად და ვისი ფულით უნდა გაგვეკეთებინა. საქმე კარგად მიდიოდა, თუმცა კოვიდმა ბევრი რამ გააჩერა ქვეყანაში და გაზსაცავის პროექტის გაგრძელებაც კოვიდს უკავშირდება. როგორც იცით, ბანკის სესხიდან 120 მილიონი დოლარი სახელმწიფომ კოვიდთან საბრძოლველად წაიღო. ჩემთვის, ენერგეტიკოსისთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაპაუზდა ეს მშენებლობა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მაღლა დგას და განსჯა იმისა, უნდა წაეღო, თუ - არა სახელმწიფოს ეს 120 მილიონი, ჩემგან ცოტა უხერხული იქნება. მთავარია, რომ გაზსაცავის კორპორაცია აღარ არის იმ კრედიტზე პასუხისმგებელი და მას სრულად ბიუჯეტი უნდა მოემსახუროს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს და დაპაუზებული გაზსაცავის მშენებლობა აღდგეს.

იქ 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის შენახვაზეა საუბარი და ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ეს გაზი, რომ ჩვენს თბოსადგურებში შევიტანოთ, მილიარდნახევარი კვტ.სთ ელექტროენერგიაა და იმპორტს ფაქტიურად დააბალანსებს. თან მოხმარების გრაფიკს თუ მივიღებთ მხედველობაში, ზაფხულის თვეებში თითქმის არ გვაქვს მოხმარება, ზამთრის თვეებშია კატასტროფა, რადგან გაზი სჭირდება მოსახლეობას, გათბობას, თბოსადგურებს, ამიტომ ვფიქრობ, გაზსაცავის მშენებლობა დაპაუზებულია და არა - შეჩერებული. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამატებითი სახსრების მოსაძიებლად. ამას მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება, რომ გაზსაცავი აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს”, - განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატება, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო. სამშენებლო სამუშაოები სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვა არის შესაძლებელი.