06.ოქტომბერი .2020 23:00

საქართველოში „გემოების კიდობნის“ გამოცემა 2021 წლისთვის იგეგმება

views 236
უკან

ბეჭდური და ონლაინ გამოცემა „გემოების კიდობანი“ პოლენზოს გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტის "სლოუ ფუდ ინტერნეშენელთან", "სლოუ ფუდის" ბიომრავალფეროვნების ფონდთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოდან გაქრობის რისკის ქვეშ მყოფი კვების კულტურის ტრადიციული ნიმუშებს აერთიანებს.

დღემდე „გემოს კიდობნის“ 4 სხვადასხვა ბეჭდური ვერსია - „პერუ“, „ბრაზილია“, „კენია“ და „მექსიკა“ გამოიცა. დღეს კი „გემოების კიდობნის“ გამოცემა საქართველოშიც იგეგმება.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ “გემოების კიდობნის“ საქართველოს პროექტის მართვის ექსკლუზიური უფლება, გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის თებერვალში მოიპოვა.

როგორც გასტრონომიული ასოციაციის თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, პროექტის განხორციელება 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და ამ ეტაპზე საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია მისი განხორციელებისთვის ფონდების მოძიების პროცესშია.

მისივე თქმით, ქართული „გემოების კიდობნის“ გამოცემა ერთ წელიწადში 5 000-ცალიანი ტირაჟით იგეგმება.

„წიგნისთვის საჭირო მასალის მოძიების პროცესი უკვე დაწყებულია, რაშიც ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანა" მხარდაჭერას გვიცხადებს ხოლო ნაწილი იტალიელ ეთნობიოლოგიურ მკვლევარებთან ერთად უნდა მოვიკვლიოთ. ეს იქნება მეცნიერული კვლევა ამიტომაც, გვექნება პირველი სრულყოფილი წიგნი გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის პროდუქტებსა და კერძებზე, რაც მსოფლიო მასშტაბით ქართული კვების კულტურის ცნობადობის ამაღლებას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების წარმოჩენას დაეხმარება და ხაზს გაუსვამს გამორჩეული ქართული კულტურული მემკვიდრეობას, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელისშემწყობი იქნება“, - განმარტა ლევან ქოქიაშვილმა.

გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ წიგნზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წლის სექტემბერში იტალიაში, ტურინში გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ყოველწლიურ Slow Food-ის გამოფენაზე ქართული „გემოების კიდობნის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ლევან ქოქიაშვილის თქმით, წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და ამავე დროს ონლაინ გაყიდვებში გაეშვება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა