მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ღვინის რეალიზაცია 65%-ით შეგვიმცირდა, თუმცა ექსპორტი იყო წარმატებული - GWS

608fb7d05dea5
თათია კაკიაშვილი
03.05.21 14:15
873
„2020 წელი, ისევე როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ეს წელი ღირსეულად გადავლახეთ“, - ამის შესახებ GWS ელჩმა ქეთი კენკიშვილმა გადაცემა „Forbes კვირა“-ში განაცხადა. კენკიშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად, კომპანიაში ქართული ღვინის წარმოება არ შეჩერებულა.

„პანდემიის ფონზე კომპანიაში წარმოება არ შეჩერებულა, რთველი მშვიდობიანად და წარმატებით ჩავატარეთ, არაჩვეულებრივი მოსავალიც მივიღეთ. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს საერთაშორისო წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო გამოფენები არ ჩატარებულა, ჩვენ მაინც გავგზავნეთ ჩვენი ღვინოები, მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე და GWS-ის ღვინოებმა მრავალი ოქროს მედალი მოიპოვა. გარკვეულ ბაზრებზე, სადაც უბრალოდ გადაადგილება შეუძლებელია, ვატარებდით ონლაინდეგუსტაციებს, რადგან მოთხოვნა ჩვენს ჩართულობაზე საკმაოდ მაღალი იყო. დისტანციურად ტარდებოდა საერთაშორისო ღონისძიებები, სადაც ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი“ , - განაცხადა ქეთი კენკიშვილმა.

მისივე თქმით, GWS-ისთვის პრობლემური აღმოჩნდა ქვეყანაში ტურისტების შემცირება, რამაც ღვინის მწარმოებელი კომპანიისთვის ადგილობრივ ბაზარზე მძიმე კვალი დატოვა.

„ქართული ღვინის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე მთლიანობაში 65%-ით არის შემცირებული. წინა წლებთან შედარებით, ეს სერიოზული დანაკლისია. შესაბამისად, GWS-საც ჰქონდა მნიშვნელოვანი კლება, უბრალოდ ამის პარალელურად ექსპორტი იყო წარმატებული. ამ მხრივ, კლება თითქმის არ ყოფილა და ეს არ არის მსოფლიო ტენდენცია. მსოფლიოში საკმაოდ ბევრმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ საექსპორტო გაყიდვების მიმართულებით სერიოზული დანაკლისი განიცადა“, - განაცხადა ქეთი კენკიშვილმა.