მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტით გადახდებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

5f92f86f0fd63
შოთა ტყეშელაშვილი
24.10.20 17:35
1377
COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოში ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში ინტერნეტის მეშვეობით 409 მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 115.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი. უშუალოდ გადახდების რაოდენობამ კი 7.2 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი წლიურად 2.2 მილიონი ოპერაციით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ტრანზაქციის მოცულობა საშუალოდ 56.4 ლარს შეადგენს.



ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში არსებული 2,658 ბანკომატის მეშვეობით ჯამში 7.5 მილიონი ტრანზაქცია შესრულდა, ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ბანკომატით თვეში საშუალოდ 2,800 ოპერაცია, ანუ დღეში 94 ტრანზაქცია სრულდება. 

სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში ბანკომატებით ქართული საბანკო ბარათების მეშვეობით 2.16 მილიარდი ლარის ღირებულების ტრანზაქციები შესრულა, წინა თვესთან შედარებით ეს თანხა 248 მილიონი ლარით მეტია. 

ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყოველწლიურად ბანკომატების დატვირთვის პიკი დეკემბერზე მოდის, ამავე თვეში ბანკომატით გამოტანილი თანხის მოცულობა წლის სხვა თვეებთან შედარებით ყოველთვის უფრო მეტია. 

რაც შეეხება პოს-ტერმინალებს, მათი რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში 71 ათასი ტერმინალი არის მოქმედი, ეს ერთი წლის წინ არსებულთან შედარებით 14 ათასი ტერმინალით მეტია. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბანკომატებით პოს-ტერმინალებთან შედარებით ორჯერ მეტი თანხის ოპერაცია სრულდება, თუმცა ტერმინალების ოპერაციების რაოდენობა ბანკომატების ოპერაციებს რამდენჯერმე აჭარბებს. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის სექტემბერში პოს-ტერმინალების მეშვეობით 962 მილიონი ლარის ღირებულების 28 მილიონი ერთეული ოპერაცია შესრულდა. შესაბამისად, ტერმინალის ერთი საშუალო გადახდის ღირებულება 34 ლარს შეადგენდა. 

სტატისტიკის თანახმად, მას შემდეგ რაც პოს-ტერმინალების გავრცელება გაიზარდა, მათი მეშვეობით განხორციელებული გადახდების საშუალო მოცულობა შემცირდა.