24.ივლისი .2020 12:05

საქართველოში „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" გაიხსნა

views 349
უკან

თბილისში 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. კლინიკის გახსნას მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი გიორგი გახარია დაესწრო, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ შექმნის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნაა. 

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას. 

„რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი შესანიშნავი, სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი და დღეს მე აქ ძალიან კარგად ამიხსნეს, სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ამაზე დიდი მიზანი, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს.

ეს არის, როგორც სახელმწიფოს, ისე ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილზე ამ პროექტის დასრულებაში.

„მოგეხსენებათ, აშშ-ი, USAID-ის საშუალებით, ბევრს გვეხმარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საერთო ჯამური შეფასება ამ დახმარების არის 1.5 მლრდ-ზე მეტი, თუმცა ეს არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით, აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელსაც USAID-ი და აშშ-ის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. ინსტიტუტების სიძლიერე, ჩვენი განათლებისა და სამედიცინო სისტემების სიძლიერე, ეს არის ყველაფერი, რაც გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ხდის ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო წარმატებულს"-აღნიშნა გახარიამ.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა