მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის

6075cb485fc93
თამთა ჯიჯავაძე
13.04.21 20:47
2259
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი „ფლაიარისტანი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც განხორციელდება რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში. თითოეულ მიმართულებაზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი.(https://flyarystan.com/en)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ყაზახური ავიაკომპანიის შემოსვლაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. დაახლოებით ორი წლის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტისას ამ საკითხზეც ისაუბრა.

18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარიც“ შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.