მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კომპანიები მაღალი კვალიფიკაციის კადრებს ყველაზე ხშირად პირადი რეკომენდაციით იყვანენ - კვლევა

61c19cae26dd1
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.21 13:19
889
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) შრომითი რესურსების შესახებ მოამზადა კვლევა. BAG ინდექსის ფარგლებში კვლევა ქვეყნის მსხვილ და საშუალო ბიზნესებში ჩატარდა. მათ კადრების აყვანის შესახებ სხვადასხვა კითხვას უპასუხეს. გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც ქვეყანაში კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.

კომპანიები ყველაზე მეტ სირთულეს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიების დროს აწყდებიან. ფირმების 47%-ის შეფასებით, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება რთულია, 35.9% კი მიუთითებს, რომ მსგავსი კადრების მოძიება საშუალო სირთულესთან არის დაკავშირებული. მხოლოდ 12.6% აცხადებს, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრების პოვნა დაბალ სირთულესთან არის დაკავშირებული, 3.9% კი ამ მხრივ პირიქით მიიჩნევს, რომ შრომის ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის კადრების პოვნა მარტივია.

კომპანიებს BAG ინდექსის ფარგლებში ჰკითხეს, თუ რომელი არხებით იყვანენ მაღალი კვალიფიკაციის კადრებს. ამ კითხვაზე კომპანიებს რამდენიმე პასუხის დაფიქსირება შეეძლოთ, მათ შორის კი ყველაზე მეტმა კომპანიამ - გამოკითხულთა 73.3%-მა დაასახელა, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები ძირითადად პირადი რეკომენდაციით აჰყავთ.

მაღალი კვალიფიკაციის კადრების აყვანა - ფირმებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ:

● პირადი რეკომენდაციების საფუძველზე - 73.3%;
● დასაქმების კერძო სააგენტოების დახმარებით, (მათ შორის, headhunting-ის ინსტრუმენტის გამოყენებით) - 72.3%;
● ღია კონკურსის საფუძველზე, მათ შორის დასაქმების ვებგვერდების jobs.ge, hr.ge ან სხვა რესურსების გამოყენებით - 57.3%.

შესაბამისად, ეს პასუხები მეტყველებენ იმაზე, რომ მართალია კომპანიების ნახევარზე მეტი (57%) აცხადებს, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრების შერჩევისთვის ღია კონკურსებს აცხადებენ, მთლიანობაში უფრო მეტი მაინც კადრებს პირადი რეკომენდაციის საფუძველზე ეძებს.

განსხვავებულია დაბალი კვალიფიკაციის პერსონალის აყვანის პრაქტიკები, აქაც ფირმებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ, თუმცა მათ პასუხებს შორის პირველ ადგილზე ღია კონკურსი ლიდერობს.

დაბალი კვალიფიკაციის კადრების აყვანა - ფირმების პასუხები ასე ნაწილდება:

● ღია კონკურსის საფუძველზე, მათ შორის დასაქმების ვებგვერდების - jobs.ge, hr.ge ან ან/და დასაქმების სახელმწიფო პორტალის worknet.gov.ge დახმარებით - 60.2%;
● პირადი რეკომენდაციების საფუძველზე - 29.3%;
● დასაქმების კერძო სააგენტოს დახმარებით - 23.1%.

საშუალო კვალიფიკაციის კადრების აყვანის პროცესშიც წამყვანი ადგილი ღია კონკურსების სისტემას უჭირავს. ამ მიმართულებით, კომპანიების 76.7% აცხადებს, რომ საშუალო კვალიფიკაციის კადრების აყვანისთვის ღია კონკურსებს აცხადებენ, 44% პარალელურად აღნიშნავს, რომ მსგავს პოზიციებზე თანამშრომლები პირადი რეკომენდაციის საფუძველზეც აყავთ, ხოლო დასაქმების კერძო სააგენტოების სერვისს საშუალო კვალიფიკაციის კადრების პოვნისთვის ფირმების 43% მიმართავს.

BAG ინდექსში მონაწილეობა 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, ისინი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, მათ შორის ვაჭრობაში, საფინანსო სფეროში, მრეწველობაში, სერვისებსა და სხვა სექტორებში.

უფრო ვრცლად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.