მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "მექსიკური მჭადის"- ტორტილას - დამზადებას გეგმავენ

5e2455919e29c
BM.GE
19.01.20 17:20
2369
“ლოლაძეების ფერმა” 2020 წლის ზაფხულში ტორტილას - “მექსიკური მჭადის” დამზადებასა და გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ Bm.ge-თან “ლოლაძეების ფერმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლაშა ლოლაძემ ისაუბრა.

“სიმინდს ისედაც ვაწარმოებთ და ახლა გვსურს ეს სიმინდი სხვა გეგმებისთვის გამოვიყენოთ. ტორტილა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მას სხვადასხვა მექსიკური კერძის დასამზადებლად იყენებენ. მჭადი ქართველებსაც გვიყვარს, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროდუქტს მხოლოდ მექსიკური კერძებისთვის არ გამოიყენებენ”,- აცხადებს ლაშა ლოლაძე.

“ლოლაძეების ფერმა” შავი სიმინდის წარმოებასაც გეგმავს. “ტორტილას დამზადება ნებისმიერი სიმინდით შეიძლება. ჩვენ თეთრი სიმინდით დავიწყებთ და თანდათან შავიც შემოგვეშველება”,- აღნიშნა “ლოლაძეების ფერმის” დამფუძნებელმა.

“ტორტილა, ფაქტობრივად, ჩვენ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (სიმინდის) ნახევარფაბრიკატამდე და გადამუშავებულ პროდუქციამდე მიყვანის პროცესით მეტი მოგების მიღების საშუალებაა. მექსიკასა და საქართველოში სიმინდის ლავაშს თითქმის იდენტურ ინგრედიენტებთან მიირთმევენ და ჩვენი აზრით გარკვეული დროის შემდეგ საქართველოშიც გახდება პოპულარული”,- აღნიშნავს ლაშა ლოლაძე.

ცნობისთვის, “ლოლაძეების ფერმა” სხვადასხვა ეგზოტიკურ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს, რომელთა შეძენაც “აგროჰაბისა” და “გუდვილის” მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი. “ტორტილას გაყიდვაც ამ ქსელებში იგეგმება, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე ძნელია ამის თქმა, შესაძლოა, პირდაპირ რესტორნებს მივაწოდოთ”,- აცხადებს ლოლაძე.