05.ივლისი .2022 00:00

საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება
views 858
უკან

საქართველოში წარმოებული მოსაპირკეთებელი ქვები, Colliers MMS-ისა და ზოდის პარტნიორობით, ევროპის ქვის საუკეთესო შოუ-რუმებში გაიყიდება. ქართული გრანიტი და მოსაპირკეთებელი კირქვა პირველად შევა იტალიის ბაზარზე და დასაწყისისთვის რომის, მილანისა და ვერონას ქვის ბუტიკებსა და შოუ-რუმებში განთავსდება. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ამ სფეროში ერთ-ერთ მოწინავე იტალიურ კომპანიასთან, რომელმაც პროდუქციის შეძენის გადაწყვეტილება ქართული პროდუქციის დეტალური ხარისხობრივი ექსპერტიზის საფუძველზე მიიღო. ამ ეტაპზე, Colliers-ის ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო გუნდის მხარდაჭერით მოლაპარაკებები ბელგიურ, იტალიურ და გერმანულ კომპანიებთან მიმდინარეობს, რომლებმაც კომპანია "ზოდის" მიერ წარმოებული ბუნებრივი ქვების შეძენის ინტერესი გამოთქვეს.

"ზოდისა" და Colliers MMS-ის თანამშრომლობა ორ წელსა და არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის. Colliers MMS-ის მხარდაჭერით, "ზოდი" - ქართული ბაზრის ლიდერი კომპანია ბუნებრივი ქვების წარმოებაში, ეტაპობრივად აფართოებს სანედლეულო ბაზას. მიმდინარე წლიდან კი კომპანიები პარტნიორულ ურთიერთობას იწყებენ ქართული ქვის პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.

"იტალიური და სხვა ევროპული კომპანიების დაინტერესება ჩვენი წარმოების საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას ადასტურებს. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს კომპანიაში წარმოებული პროდუქცია კონკურენტულია მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ პროდუქტებთან. ქვის ხარისხი და დამუშავების ტექნოლოგია განმსაზღვრელი კრიტერიუმებია მაღალხარისხიანი ბაზრებისთვის, ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზოდის" ხარისხი უტოლდება საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი პროდუქცია ხდება მიმზიდველი ამ სფეროში ყველაზე უფრო დახვეწილი და ხარისხიანი კრიტერიუმების მქონე ქვეყნებისთვის”, - აცხადებს “ზოდის” დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე.

რამდენიმე თვეა Colliers MMS-მა, სხვა სერვისებთან ერთად, მინერალური რესურსების ექსპორტის ხელშეწყობის მომსახურებაც დანერგა. სერვისის მიზანია საქართველოში მოქმედ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე განთავსებაში დაეხმაროს. მომსახურება გულისხმობს საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებას, მსყიდველუნარიანი საერთაშორისო კლიენტების მოძიებას, სავაჭრო მოლაპარაკებებსა და სათანადო ტექნიკურ თუ სამართლებრივ მხარდაჭერას.

„ჩვენი მიზანია ვაჭრობადი, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის იდენტიფიცირება, ქართული წარმოების მინერალური ნედლეულის საერთაშორისო სავაჭრო ქსელებში ჩართვა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერა, რათა მათ მოხერხონ საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა, სავაჭრო ქსელების გაფართოება და საექსპორტო არეალის დივერსიფიცირება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა ცალკეული პროდუქტის მიმართ არსებული საერთაშორისო მოთხოვნები და სამომხმარებლო სტანდარტები იცოდნენ. ეს ხელს უწყობს ჩვენი პროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესებას, წარმოების სტანდარტის დახვეწას, რაც თავის მხრივ ქართული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის ქვეყნის გარეთ ზრდაზე აისახება. გვაქვს სოლიდური რესურსი წიაღისეულისა და მინერალების სექტორში, რომლის ეკონომიკურ ბრუნვაში უფრო აქტიური ჩართვაა შესაძლებელი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ჩვენი ამოცანაა ამ პოტენციალის მაქსიმალური ათვისება”, - აღნიშნავს Colliers MMS-ის მმართველი დირექტორი მაია ზავრაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა