მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი კლინიკების რეიტინგი მიღებული პაციენტების მიხედვით

5fd38607cd0ee
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.20 19:15
1953
2019 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 265 საავადმყოფო სულ 551 ათას ჰოსპიტალიზაციას მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 48 ათასი ჰოსპიტალიზაციით, ანუ 9,5%-ით მეტი იყო. ერთი ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობამ კი 4.9 დღე შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებლის ანალოგიური იყო.

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ამ 551 ათასი ჰოსპიტალიზაციიდან, ყველაზე მეტი პაციენტი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) შემადგენლობაში არსებულ კლინიკებზე მოდის.

საავადმყოფოებისა და საავადმყოფოების ქსელების რეიტინგი ჰოსპიტალიზაციათა რაოდენობების მიხედვით ასეთია:

1. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG) - 17%;
2. “ავერსის კლინიკები” -8%;
3. “ჯეო ჰოსპიტალს” - 6%;
4. “ვივო მედიქალ გრუპი” - 2%;
5. “ღუდუშაურის კლინიკა” - 2%;
6. “ნიუ ჰოსპიტალს” - 2%.
7. სხვა - 62%.

Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საავადმყოფოებში ჯამურად 17,500 საწოლია, ყოველ 1000 მოქალაქეზე კი 4.7 საწოლი ადგილი მოდის, თუმცა რეგიონალურ ჭრილში საწოლი ადგილების განაწილება საკმაოდ არათანაბარია.

რაც შეეხება საავადმყოფოების საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელს ქვეყნის მასშტაბით, ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში საავადმყოფოების დატვირთვის საშუალო ყოველდღიური დონე 49% იყო. შესაბამისად 17,500 საწოლიდან საშუალოდ 8750 საწოლი არის ყოველდღიურად დაკავებული. რეგიონის ქვეყნებში საავადმყოფოების დატვირთულობის დონე უმეტესად 70%-ს აჭარბებს, უკრაინაში რუსეთსა და ყაზახეთში კი ის 80%-საც აღემატება.

საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მიზეზები ასე ნაწილდება:

რესპირატორული სისტემის დაავადებები - 22%;
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - 19%;
ორსულობა, მშობიარობის წინა პერიოდი - 10%;
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - 8%;
ტრამვები, მოწამვლები - 7%;
ინფექციური დაავადებები - 6%.
სხვა - 29%.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 30 ათასზე მეტი ექიმი და 18 ათასზე მეტი ექთანი საქმიანობს. შესაბამისად, ყოველ ექიმზე 0.6 ექთანი მოდის. 1000 მოსახლეზე კი ექიმთა რაოდენობა 8.5-ია.