05.ნოემბერი .2019 23:00

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნეს

views 219
უკან

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. მისი აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცა და წელს უკვე მერვედ აღინიშნა. მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული "შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) ორგანიზებით დაიგეგმა. ამ თარიღისადმი მიძღვნილ აქტივობებს კვირეულის სახე ჰქონდა და თბილისსა და რეგიონებში 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლები, როგორც დესპანები ფინანსური განათლების გავრცელებაში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. თანამშრომლებთან ერთად, დაზოგვის კვირეულში მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც მიიღო. კობა გვენეტაძე თბილისის N11 საჯარო სკოლას ესტუმრა. მან პატარებს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციები გააცნო და სწორად დაზოგვის მნიშვნელობასა და ფულის ისტორიაზე ესაუბრა. 

ამასთან, კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილე კომერციულმა ბანკებმა საკუთარ ფილიალებში, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, ელექტრონული მედიის საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღისა და დაზოგვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს 6 ქალაქის 20 სკოლაში მოსწავლეები ჩაერთვნენ "დაზოგვის სამაგიდე თამაშში", რომლის მიზანია მაღალკლასელებში ფინანსური განათლების დონის გაზრდა და დაზოგვის კულტურის ამაღლება.