მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება

600fb49f48200
თელარა გელანტია
26.01.21 10:31
1288
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. როგორც bm.ge-ის საქართველოში EU-ს წარმომადგენლობიდან აცნობეს, კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება.

2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ ,2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ოთხი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ჩაატარებს.

"საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით.