მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მზის პანელებზე მოთხოვნა იზრდება - კომპანიების შეფასებები

63d117be12429
მარიამ იზორია
25.01.23 21:10
96
საქართველოში მზის პანელებზე მოთხოვნა იზრდება. მოთხოვნის ზრდა აისახება იმ კომპანიებზეც, რომლებიც საქართველოში მზის ელექტროსადგურების განთავსებით არიან დაკავებულები.

კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია bm.ge-სთან ყვება, რომ 2022 წელს კომპანიის ოპერირების განმავლობაში ყველაზე მეტი მზის ელექტროსადგური განათავსეს. შედეგად, კომპანიის მიერ დადგმული სიმძლავრის რაოდენობა, ჯამში, 8 მეგავატამდე გაიზარდა.

თორნიკე დარჯანია კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, 2023 წელს კომპანიის მიერ დადგმული სიმძლავრის რაოდენობა 10 მეგავატამდე გაიზრდება.

„2022 წელს, ჯამში, იმ სიმძლავრის სადგურები დავაყენეთ, რაც მანამდე 5 წლის განმავლობაში ერთობლივად დავამონტაჟეთ. 2023 წლისთვის ჩვენი გეგმა მინიმუმ 10 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების განთავსებაა. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც ბაზარზე არსებობს, ეს სრულიად რეალური გეგმაა. ბიზნესი და თითოეული მომხმარებელი ხვდება, რომ აუცილებელია, საკუთარი ენერგია აწარმოოს“, - განმარტავს "ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.

წარმატებული 2022 წლის შემდეგ სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს "გრინ ენერჯიც". კომპანიის გენერალური დირექტორი “საქმიან დილასთან” მასშტაბურ პროექტებს აანონსებს. მისი თქმით, ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მოწყობის მიმართ ინტერესი იზრდება და 2023- 2024 წლებში მოთხოვნის 40%-მდე ზრდას ელოდებიან.

“2023 წლის პირველ კვარტალში არაერთი ინდუსტრიული პროექტი ჩაეშვება ექსპულატაციაში. წლის განმავლობაში სრულად დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით, 18-20 მეგავატი იქნება.

დამატებითი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მასშტაბური პროექტებია. ისინი გაყიდვისთვის არის გამიზნული. ამ წელს გვექნება ასეთი სამი პროექტი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 55 მეგავატამდე იქნება“, - აღნიშნავს ნინა გადელია.

ინდუსტრიის ზრდას ადასტურებს კომპანია „ასტორიუსიც“. ასტორიუსი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება სულ ახლახანს დაიწყო. კომპანიის დირექტორი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მზის ელექტროსადგურს მონტაჟით დიდი კომპანიების გარდა, მცირე წარმოებებიც, მათ შორის მეღვინეობები ინტერესდებიან.

„2022 წელი საინტერესო იყო იმით, რომ თუ აქამდე გვყავდა ცოტა მომხმარებელი, დღეს უკვე მცირე მეწარმეებიც ინტერესდებიან ინსტალაციით. საქართველოში ამ ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან სოლარული ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იაფდება. ამასთან, საქართველოში ელექტროენერგია, განსაკუთრებით მეწარმეებისთვის, გაძვირდა", - ამბობს ლელა კურტანიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიები 2023 წელს მზის ენერგიის გამოყენების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს ელოდებიან, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე, ჩინეთში გაზრდილი წარმოების გამო, მზის პანელების ფასი იკლებს, რაც მომხმარებლისთვის მზის ელექტროსადგურებს უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის.