მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ორკაციანი ქორწილი უნდა დაინერგოს” - ივენთ კომპანია „ლაკა“

6140dd3a6ecba
მარიამ ადამია
15.09.21 00:00
1165
“საქართველოში ორკაციანი ქორწილი უნდა დაინერგოს, რომელიც უსაფრთხოც არის და მოსახერხებელიც” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ივენთ კომპანია „ლაკა“-ს დამფუძნებელმა, ლაკა წერეთელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის აუკეთესო გამოსავალი, თუკი გვინდა უსაფრთხო ქორწილი.

“ეს ტენდენცია უკვე დანერგილია საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა საქართველოში ჯერ ისევ კლასიკურ ქორწილს ირჩევენ, სადაც შეუძლებელია კოვიდ-რეგულაციების დაცვა. ბევრმა ქართველმა წყვილმა გადადო ეპიდვითარების გამო ეს დღე, გვაქვს გაუქმების ტენდენციებიც, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოდიან უცხოელები, რომელიც სწორედ ასე ორ-კაციან ქორწილს გვიჯავშნიან. მათ შორის იყვნენ აფრიკიდანაც, შოტლანდიიდან და ყაზახეთიდანაც,” - აღნიშნა ლაკა წერეთელმა.

გარდა იმისა, ივენთ კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ორ-კაციანი ქორწილი არის საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა და დღეს თუ ეს მიდგომა დროებითი გამოსავალია, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, პრაქტიკაშიც დაინერგოს.

“მსოფლიო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს ტენდენცია ამართლებს, თუმცა ჯერჯერობით ქართველები მაინც თავს იკავებენ. რაც შეეხება სახელმწიფოსთან კომუნიკაციას, გვქონდა შეხვედრები, მაგრამ მაინც ეს მიმართულება ყოველგვარი შემოსავლისა და გამოსავლის გარეშეა დარჩენილი,” - აღნიშნა ლაკა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, „კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს. შრომის ინსპექციას ხელმძღვანელმა სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთან შეხვედრები დაიწყო, რომლის მიზანიც ე.წ. მწვანე ზონების შექმნაა. ინიციატივის არსი ისაა, რომ ობიექტზე დაიშვება მომხმარებელი, რომელსაც „კოვიდპასპორტის“ წარდგენისას სპეციალური ელექტრონული სისტემა „გაამწვანებს“.

„მწვანე“ სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვს სწრაფი კოვიდ-ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული PCR-კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო ექვს თვეში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია ან არის ორჯერადად აცრილი. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ინიციატივას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება, რომლის თანახმადაც, ობიექტებმა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მომხმარებლები, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ სისტემა „გააწითლებს“. ფერაძის თქმით, ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა უკვე გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული სისტემის დანერგვისადმი. ხოლო მას შემდეგ, რაც სისტემა პრაქტიკაში დაიწყებს მუშაობას, მოხდება პირველადი შედეგების ანალიზი და ამის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სისტემის ვალდებულების სახით შემოღების შესახებ.