26.ივლისი .2020 10:54

საქართველოში, პირველად, მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევა ჩატარდება

views 972
უკან

რა დროს უთმობენ ქალები და კაცები საოჯახო საქმეებს, ანაზღაურებად სამუშაოსა და სხვა აქტივობებს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდება.

დროის გამოყენების კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტია, რომლიც ყველაზე უკეთ ზომავს ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის მოცულობასა და ღირებულებას, ამ შრომის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობაში და გენდერულ უთანასწორობას, რომელიც ქალებისა და კაცების მიერ ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯული დროის თვალსაზრისით არსებობს. ამას გარდა, კვლევა ზომავს მოსახლეობის მიერ დასვენებაზე, გართობაზე, სპორტულ და კულტურულ აქტივობებზე, მოხალისეობაზე, განათლებაზე, ტრანსპორტსა თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე დახარჯულ დროს და მდიდარ მასალას იძლევა არა მხოლოდ გენდერული უთანასწორობის, არამედ, ზოგადად, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის შესაფასებლად.

კვლევას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით ჩაატარებს.

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი შედეგები კი, ხელმისაწვდომი 2021 წლის ბოლოს გახდება.

“საქართველოში დროის გამოყენების კვლევა არასდროს ჩატარებულა, ამიტომ ის უნიკალური და სასარგებლო ინფორმაციის წყარო გახდება. მიღებული მონაცემები დაეხმარება როგორც გენდერული უთანასწორობის შემცირების, ასევე, ზოგადად, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული რეფორმების შემუშავებას”, - ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დროის გამოყენების კვლევა ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა