მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 90%-ით შემცირდა

5fdba0e6490d3
BM.GE
18.12.20 00:07
3124
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2019 წელს 90%-ით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში სულ 15.3 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, 2018 წელს კი მოპოვება 137.9 ათას ტონას შეადგენდა.

2019 წლის განმავლობაში წარმოების შემცირება ქვეყანაში ერთადერთი მსხვილი მომპოვებლის, “საქნახშირის” სიმძლავრის შემცირებას უკავშირდება. დღეისთვის კომპანია შპს Steel International Trade Company-ის მართვის ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ რაც 2019 წელს მის ყოფილ მესაკუთრეს “GIG ჯგუფსა” და Steel International Trade Company-ის შორის გასული წლის ბოლოს აქტივების გადაბარების შესახებ გაფორმდა შეთანხმება. ობიექტს წარმოების სიმძლავრის გასაზრდელად და უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად მრავალმილიონიანი ინვესტიციები ესაჭიროება. კომპანიაში საწარმოო პროცესი მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

“საქნახშირის” თანახმად, მათ 2018 წელს 115 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, 2017 წელს კი მოპოვება 225 ათასი ტონა იყო. თუმცა, 2018 წელს კომპანიის ზარალი 21 მილიონი ლარი; 2017 წელს კი 16.4 მილიონი ლარი იყო.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში მოპოვებული ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი ინდუსტრია იყო. დღესაც კერძო სექტორი მნიშვნელოვანი ოდენობით ქვანახშირს მოიხმარს, მისი ძირითადი მომხმარებლები მეტალურგიული და ცემენტის მწარმოებელი კომპანიები არიან.

საქსტატის თანახმად, 2019 წელს ქვეყანაში 238 ათასი ტონა ბიტუმოვანი ქვანახშირის იმპორტი განხორციელდა, რომლის 100%-ით სამრეწველო სექტორმა აითვისა. ამასთანავე, გასულ წელს საქართველოში 144.9 ათასი ტონა “საღუმელე კოქსი” შემოვიდა, მისი ძირითადი ნაწილი მეტალურგიულმა სექტორმა მოიხმარა.