მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6% არის დაზღვეული

606aef9b6008b
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.21 15:17
1461
საქართველოში სულ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილი არის რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 93,196-ს ანუ 6% აქვს სადაზღვევო პოლისი. 

სადაზღვევო ბაზრის ანგარიშის თანახმად, ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. 2020 წელს კომპანიებმა ამ მიმართულებით სულ 116.7 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით აღემატება. თავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2.5 ათასით შემცირდა. 2018 წელთან შედარებით კი ქუჩებში 18 ათასით მეტი დაზღვეული ავტომობილი მოძრაობს. 

ფინანსური შედეგების თანახმად, ავტოდაზღვევის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე "თიბისი დაზღვევაა", რომელზეც მოზიდული პრემიების 27.3%-იანი წილი მოდის, მეორე ადგილზეა "ალდაგი" 23.3%-იანი წილით. 




რაც შეეხება მთლიანად სექტორის ზომას, 2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგებს 42 მილიონით აღემატება. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

მოზიდული პრემიების მოცულობით ბაზრის #1 მოთამაშე კვლავ "ჯიპიაი ჰოლდინგია", რომელმაც 2020 წელს 128.9 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა. "ჯიპიაი" დაზღვევის უმსხვილეს სეგმენტში - ჯანმრთელობის დაზღვევაში ყველაზე მაღალ - 28%-იან საბაზრო წილს ფლობს.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს - რეიტინგი:

1 ჯიპიაი - 128.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 20% ;
2 ალდაგი - 106.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 7% ;
3 თიბისი დაზღვევა - 89.3 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
4 იმედი L - 71.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -15% ;
5 არდი - 59.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
6 უნისონი - 42.1 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 17% ;
7 ირაო - 38.5 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 8% ;
8 პსპ დაზღვევა - 24.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 13% ;
9 ევროინსი - 23.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 46% ;
10 ბენეფიტი - 17 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -14% ;
11 ალფა - 16.9 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -20% ;
12 სადაზღვევო ჯგუფი - 11.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 32% ;
13 პრაიმი - 8.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან -8% ;
14 ქართუ დაზღვევა - 8.3 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -22% ;
15 ჰუალინგ დაზღვევა - 7.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -23% ;
16 ტაო - 5 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -27% ;
17 ნიუ ვიჟენ - 4.85 მლნ ლარი.
18 გრინ დაზღვევა - 2.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -16%.