მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საბავშვო ბაღების პირველი საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

5f60f3b5c1465
მადონა გასანოვა
15.09.20 22:07
3227

საქართველოში საბავშვო ბაღების პირველი საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. KidsOffice–ის სერვისები მოიცავს ქოუჩინგს, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, სასწავლო პროგრამის შედგენას, ინვენტარიზაციის მხარდაჭერას, სათამაშო მოედნების მოწყობას, საბავშვო ბაღის ექსტერიერისა და ინტერიერის შემუშავებას.

„სწორედ პანდემიის დროს არის მნიშვნელოვანი საკონსულტაციო სერვისების არსებობა,“ BM.GE-თან საუბარში აცხადებს თეკლე კაპანაძე, KidsOffice–ის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც საკუთარი კომპანია პანდემიის დროს დააფუძნა და მთავარ მიზნად საბავშვო ბაღებისათვის კრიზისის დაძლევაში დახმარება დაისახა.

„საქართველოში COVID-19 რეგულაციების გამკაცრების შემდეგ ძალიან ცოტა კერძო ბაღი თუ დაუძვრა გაკოტრების სცენარს. თუმცა, ამ დამანგრეველი ცვლილებების პარალელურად, გაჩნდა ახალი შესაძლებლობებიც. პროცესებს თვალს ვადევნებდი სოციალური ქსელით და ვხედავდი, რამდენად საჭირო იყო კერძო ბაღების ლიდერებისთვის გამოსავლის პოვნაში დახმარება, საბავშვო ბაღის ბენეფიციარებისთვის ახალი სერვისების შექმნა და ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება გახდა საბავშვო ბაღების ადმინისტრირების მხარდაჭერა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების დროს,“ - განაცხადა კაპანაძემ.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღების ძირითად სირთულეებს მოიცავდა: საიჯარო გადასახადი, თანამშრომლების შენარჩუნება, საბანკო ვალდებულებები და აღსაზრდელების შენარჩუნება.

„კერძო ბაღების უმეტესობა იყენებს სივრცეებს, რომლებიც იჯარით აქვთ აღებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურ შემოსავალზეა დამოკიდებული მათი ფუნქციონირება. გადარჩნენ ბაღები, რომლებიც ან თავიანთ სივრცეებს ფლობდნენ, ან მეიჯარის კეთილგანწყობა მოიპოვეს. ასევე, კრიზისული პერიოდი რთული, მაგრამ მაინც დაძლევადი გახდა იმ ბაღებისითვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადაიტანეს და ასე შეინარჩუნეს როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლებიც,“ აღნიშნა კაპანაძემ.  

თუმცა, ჩამოთვლილი დამანგრეველი ცვლილებების პარალელურად, KidsOffice–ის დამფუძნებლისა და დირექტორის თქმით,  გაჩნდა ახალი შესაძლებლობებიც. „პანდემიისას მშობლებმა დაინახეს, რომ ბავშვს განმავითარებელი აქტივობები, დისციპლინა, სოციალიზაცია და ახალ-ახალი თამაშები სჭირდებათ. ნახეს, რომ საბავშვო ბაღის გარეშე ამის უზრუნველყოფას, დატვირთული რეჟიმის და სხვა უამრავი საზრუნავის გამო, თავად ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე. დავიწყეთ ფიქრი, როგორ და სად შეიძლება წავიყვანოთ ბავშვები უსაფრთხოდ და პოზიტიური განვითარების გარანტიით. შედეგად, ბოლო პერიოდში უკვე გაიხსნა ერთი კერძო საბავშვო ბაღი, რომელიც სრულიად ღია სივრცეშია და აქტივობები ნებისმიერ ამინდში, ბუნებაში მიმდინარეობს“.

კაპანაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ბაღებს მოქნილობის საშუალებას არ აძლევდა იმ პერიოდშიც კი, როცა ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლები იყო. „მე მრჩებოდა გონივრული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მმართველებს უბრალოდ უჭირდათ საბავშვო ბაღების კერძო სექტორის გადარჩენის მნიშვნელობის დანახვა. რეალურად, შეიძლებოდა ამ პროცესში სწორედ კერძო ბაღების მხარდაჭერა,  რის ხარჯზეც სხვა ბიზნესებიც, სადაც დასაქმებული არიან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, გაზრდიდნენ პროდუქტიულობას“, - ამბობს კაპანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბავშვო ბაღებისთვის პროტოკოლი უკვე გაწერილია, კაპანიძისთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორ უნდა მოახერხონ ბაღში იმ ბავშვების მიღება, რომლებისთვისაც ეს დღეები პირველია. მისი თქმით, მშობლების მიერ ბავშვების საბავშვო ბაღის კართან ჩამოსმამ და პირბადიან უცნობთან დატოვებამ შეიძლება ბევრად მძიმე და გამოუსწორებელი პრობლემები შეუქმნას პატარების განვითარებას, ვიდრე წარმოგვიდგენია.