მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა შემცირდა - ლიდერი ავიაკომპანიები

6179127fce082
მარიამ ვარადაშვილი
27.10.21 22:40
1164
მიმდინარე წელს 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12 737, 493 ტონა შეადგინა, რაც 8%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 31%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიამდელ 2019 წლის პირველ 9 თვეში 18 507,686 ტონა ტვირთი იყო გადატანილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ის საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება. რაც შეეხება გასულ წელს, 13 811, 056 ტონა იყო გადაზიდული საჰაერო გზით.

Bmg-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სატვირთო გადაზიდვების კუთხით ლიდერი ავიაკომპანიების შესახებ.

სააგენტოს თანახმად, 2021 წლის 9 თვეში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით Turkish Airways ლიდერობს 3769.201 ტონა ტვირთით. შემდეგ მოდის ქართული ავიაკომპანია EASY CHARTER 2219.913 ტონით. მესამე ადგილზეა ლუქსემბურგის CARGOLUX AIRLINES 1848.028 ტონა გადაზიდული ტვირთით, ხოლო მეოთხე ადგილზეა ბელარუსული RUBY STAR, რომელმაც 2021 წლის 9 თვეში 1157.941 ტონა ტვირთი გადაზიდა. მეხუთე ადგილს კი ქართული ავიაკომპანია GEORGIAN A/W იკავებს 589.669 ტონა ტვირთით.

აღსანიშნავია, რომ Easy Charter 2020 წელს დაფუძნდა, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერულ სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება. როგორც მისმა დირექტორმა რატი ძერიამ გვითხრა პანდემიური გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე 2020 და 2021 წლისთვის სატვირთო ავიაციისთვის კარგი წელი გამოდგა.

მისი თქმით, ტვირთბრუნვა, სავარაუდოდ, თბილისის აეროპორტში შემცირდა, თუმცა თავად ავიაკომპანიას ტვირთბრუნვა არ შემცირებია.

“შემცირებით არაფერი შემცირებულა, უბრალოდ სქემა შეიცვალა. 2020 წელს ჩვენი ავიაკომპანია ძირითადად დაკავებული იყო ცოცხალი საქონლის ტრანსპორტირებით, ახლა ამან აზრი დაკარგა. ახლა დავფრინავთ აზიიდან ევროპაში თბილისის გავლით. მაგრამ თბილისში ეს ტვირთი აღარ ჩამოგვაქვს და არც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღარ გაგვაქვს. მაგალითად დღეს რეისი გვაქვს ჰონკონგი-ბარსელონა, ახლა თვითმფრინავი ჰონკონგშია. ანუ სხვა ქვეყნებს ვემსახურებით თბილისის გავლით. ცოცხალი ცხოველები გადაგვყავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიხსნა ირანთან ავტომობილებით გადაზიდვა, საავიაციო გადაზიდვებმა დაკარგა აზრი, რადგან სახმელეთო გადაზიდვებს ფასის გამო, თვითმფრინავი კონკურენციას ვერასდროს გაუწევს. ამიტომ, ყველაზე დიდი გადამზიდავი ქართული კომპანიებიდან ჩვენ ვიყავით. ახლა არაფერი შეცვლილა და ტვირთბრუნვა ისევ იმდენია, თუმცა საქართველოდან საავიაციო ექსპორტის სეგმენტი ჩამოშორდა და სახმელეთო ტრანსპორტირებაში გადავიდა,” - აცხადებს ძერია.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მათი ავიაკომპანიისთვის კარგია არა ტვირთის ჩამოსაცლელად ან გადასაზიდად, არამედ როგორც ტრანზიტული აეროპორტი. Easy Charter-ის დირექტორი განმარტავს, რომ მათ მიერ გადაზიდული ტვირთი მაგალითად ბარსელონიდან ჰონკონგამდე საქართველოს საავიაციო ტვირთბრუნვაში არ აისახება, თუმცა ეთვლება ავიაკომპანიას.

“საჰაერო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა. პანდემიის დროს როცა ყველა და ყველაფერი გაჩერდა, მხოლოდ სატვირთო ავიაცია იყო დატვირთული და დღემდე ასე გრძელდება. მსოფლიოში საკონტეინერო და ტრაილერით გადაზიდვების სერიოზული კრიზისია და ფასიც მომატებულია. აქედან გამომდინარე, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფაქტობრივად, თვითმფრინავი აქაც არ არის საკმარისი. საქმე მიდის იქამდე, რომ ავიაკომპანიები სამგზავრო თვითმფრინავებს სკამებს ხსნიან და ტვირთი გადააქვთ,” - ამბობს ის.