მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საპენსიო სისტემა 165,713-მა მოქალაქემ დატოვა

5eb8ff470ed9c
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 11:43
2790
სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია. 

კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის. 

პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა იმ დასაქმებულებისთვის, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია. შესაბამისად, ამ ადამიანების ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება. 

სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ჯამურად პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრების რაოდენობა) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია. 

დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, სისტემის აქტიურ მონაწილეთა 58% კაცია და 42% კი - ქალი. 

ჯამურად სისტემაში ჩართული კომპანიების რაოდეობა 63,881-ს შეადგენს, ხოლო მათი რაოდენობა კი, ყოველთვიურად დაახლოებით, 700 კომპანიით იზრდება. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის ამოქმედებიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით, 278 ადამიანმა სისტემა სრულად დატოვა, რაც მათი გარდაცვალებით, პენსიაზე გასვლით ან შშმ პირად ქცევით იყო განპირობებული. 

11 მაისის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ჯამური ზომა 736 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად ფონდში ყოველთვიურად საშუალოდ 45-50 მილიონი ლარი ირიცხება. 

არსებული მდგომარეობით, ძირითადი საფინანსო აქტივი, რომელშიც მოქალაქეთა პენსიები არის განთავსებული, ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატებია. 

რა სახით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება სრულფასოვანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ?

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. არსებული მდგომარეობით, ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და საპენსიო სააგენტო და ეროვნული ბანკი მისი საბოლოო ვერსიის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა,
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი, მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. 

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.