მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - ნავთობიმპორტიორები მორიგ ზრდას აანონსებენ

6172a24260827
ელენე გოგბერაშვილი
23.10.21 00:00
2309
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე ფასი ისევ გაიზარდა. როგორც ქართველი ნავთობიმპორტიორები ამბობენ, ერთი ტონა ბენზინისა და დიზელის ღირებულება ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 8-10 დოლარით შეიცვალა. დღეის მდგომარეობით S&P Global Platts-ის მიხედვით 1 ტონა ბენზინი 790 დოლარი, დიზელი კი 710 დოლარის ფარგლებში ღირს.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილება ყველაზე ადრე საბითუმო ბაზარზე აისახება. როგორც „სენტას“ გენერალური დირექტორი ამბობს, დღეს როგორც ბენზინის, ისე დიზელის ღირებულება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და მათი ფასი თითქმის გაუთანაბრდა ერთმანეთს ( 2.65 თეთრი).

„ბოლო ერთ კვირაში საბითუმო ბაზარზე გვაქვს ფასის მატება, რადგან ამ პერიოდში ერთი ტონა ბენზინის და დიზელის ფასი 10 დოლარამდე გაიზარდა. ზრდა 5 თეთრის ფარგლებში ფიქსირდება. თუ ერთი ლიტრი საწვავი სადღაც 2,60-2,63 თეთრი ღირდა, დღეს 2.65 თეთრი ღირს“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე.

ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი გაძვირდა როგორც საბითუმო ბაზარზე, ისე არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებზე. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ფასების მხრივ ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. ვანო მთავრალაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საბითუმო ბაზარზე ფასი პერმანენტულად იზრდება, ფასი იცვლება არაბრენდირებულ სადგურებზეც. მთვრალაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში არაბრენდირებულ საცალო ქსელებში საწვავი საშუალოდ 10-15-20 თეთრით გაძვირდა.

„საერთაშორისო ბაზარზე არსებული რთული ფონის გათვალისწინებით საწვავის გაძვირების ტენდენცია ვფიქრობ, არ შეჩერდება და უახლოეს პერიოდში მათ ისევ მოუწევთ ფასი 10-15 თეთრით გაზარდონ“-აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებზე არსებულ ტენდენციას, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში ბრენდირებულ საცალო ქსელებშიც ფასი 5-7-10 თეთრით გაიზარდა.

„ოპტიმისტური მოლოდინები არ გვაქვს, შესაბამისად სავარაუდოდ, მათ ისევ მოუწევთ ფასის ზრდა“-აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი თქმით, დღეს ქსელებში არსებული ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. "რეგულარის ფასი ისტორიულად 2,60 თეთრიან ნიშნულს არასდროს გამცდარა, დღეს კი მისი ღირებულება სადგურებზე უკვე 3,10 თეთრს შეადგენს".

სპეციალისტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდას მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი განაპირობებს. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნა მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას განაპირობებს „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ყოველთვიური მოპოვების (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით.

ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 12.88 დოლარით/ბარელზე ანუ 17.7%-ით და დღეისათვის შეადგენს 85.82 დოლარს/ბარელზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ.

რაც შეეხება ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟას, იქ 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი გაზრდილია 15.28 დოლარით/ბარელზე ანუ 22.3%-ით და დღეისათვის შეადგენს 83.87 დოლარს/ბარელზე, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე გაზრდილია დაახლოებით 56 დოლარით/ტონაზე ანუ 7.5%-ით 803.0 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან გაზრდილია დაახლოებით 62.75 დოლარით/ტონაზე ანუ 9.4%-ით 730.75 დოლარამდე/ტონაზე. 

დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება:

რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,91-3,10 ლარი/ლიტრზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,14-3,25 ლარი/ლიტრზე;
სუპერი ტიპის ბენზინი - 3,22-3,30 ლარი/ლიტრზე;
ევრო დიზელის საწვავი - 2,94-3,12 ლარი/ლიტრზე;
დიზელის საწვავი - 2,74-2,99 ლარი/ლიტრზე;