მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შარშან 7 მცირე ჰესი გაიხსნა, ქვეყნის დადგმული სიმძლავრე მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა

6216502045442
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 00:14
1118
2021 წელს საქართველოში სულ 7 მცირე ჰესი გაიხსნა. ამ ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მხოლოდ 23.5 მეგავატ/საათი იყო.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ახალი სადგურების დამატების შედეგად, 2021 წელს, საქართველოს ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა და მან 4.5 გიგავატ საათს მიაღწია.

ახალი სადგურების მშენებლობის ტემპზე უფრო ჩქარა იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. 2021 წელს მოხმარება 13%-ით გაიზარდა და მან 13.7 ტერავატ/საათს მიაღწია, რაც ბოლო 30 წელში მოხმარების რეკორდული მოცულობა იყო.

მოხმარების სწრაფი მატების და ადგილობრივი გენერაციის დაბალი ზრდის ფონზე, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება სულ უფრო მეტად ეზრდება. შარშან ქვეყანამ 2 ტერავატ/საათი ელექტროენერგია იმპორტით მიიღო.

2015 წელთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 31.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო ქვეყანაში არსებული სადგურების ჯამური სიმძლავრე მხოლოდ 22%-ით გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მოთხოვნის ზრდას ჩამორჩება.

წლების მიხედვით, ქვეყნის დადგმული ენერგეტიკული სიმძლავრის მატება (ახალი სადგურების გახსნა) ასეთი იყო:

● 2015 წელი - მატება 233 მეგავატ საათი;
● 2016 წელი - მატება 186 მეგავატ საათი;
● 2017 წელი - მატება 11 მეგავატ საათი;
● 2018 წელი - მატება 65 მეგავატ საათი;
● 2019 წელი - მატება 66 მეგავატ საათი;
● 2020 წელი - მატება 432 მეგავატ საათი;
● 2021 წელი - მატება 23.5 მეგავატ საათი.

“ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 2021 წელს 23.5 მგვტ.-ით გაიზარდა და 4.5 გვტ.-ს მიაღწია. 2021 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდრო, აქედან უმეტესობას აქვს გარანტირებული ტარიფი (PPA).

2021 წლის ბოლოს, საქართველოს დადგმულმა სიმძლავრემ 4.5 გვტ. შეადგინა (+0.5% წ/წ) საიდანაც 3.3 გვტ-ს ჰესებია (103 სადგური), 1.2 გვტ.-ს თბოსადგურები (7 სადგური), ხოლო 20.6 მგვტ-ს ქარის ელექტროსადგური,” - ნათქვამია Galt & Taggart-ის ანგარიშში.