28.აპრილი .2022 15:10

საქართველოში შემოსული და დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მარტში მკვეთრად გაიზარდა - IDFI

საქართველოში შემოსული და დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მარტში მკვეთრად გაიზარდა - IDFI
views 1154
უკან

2022 წლის მარტში საქართველოში უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე შემოვიდა. ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომელიც მარტში ამ სამი ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების სტატისტიკას ეხება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, უფრო საინტერესოა 2019 წლის მარტის თვესთან მიმართებით არსებული მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტის თვესთან შედარებითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 555%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 17%-ით, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 61%-ით შემცირდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მარტში საქართველოში დარჩა [შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა] უკრაინის 8 151, რუსეთის 17 201, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე. 

"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ქვეყანაში შემომსვლელთა და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში რუსეთის 108,422 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 2%-ით ნაკლები 105,814 მოქალაქე.

2022 წლის მარტის თვეში შემოვიდა 43,152 რუსეთის მოქალაქე ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები 25,951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვნებელი 559%-ით არის გაზრდილი.

ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში 2019 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით იმდენი პირი შემოვიდა რაც გავიდა, ხოლო 2022 წლის მარტში 71%-ით (14,029 პირით მეტი) მეტი შემოვიდა ვიდრე გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 8,151-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა, რუსეთის 17,201-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა ვიდრე გავიდა, ხოლო ბელარუსის 14,030-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა",- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ომის დაწყების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება ერთი მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება. რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის და მისგან მომდინარე მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი ასევე იზრდებოდა ბელარუსში.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მნიშნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლების ტენდენცია შესაძლებელია, არ იძლეოდეს რეალურ სურათს მომდინარე გამოწვევების შესახებ.

ამასთან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყოველი წლის მარტის თვეში არსებობდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდა ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვზე. მაგალითად, 2022 წლის მარტში კვლევის ობიექტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე საფრთხეები, მაშინ როდესაც 2021-2020 წლების მარტის თვეებში პანდემიის გათვალისწინებით არსებობდა საზღვრის კვეთაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები”,-წერია კვლევაში.

IDFI-ის ცნობითვე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებლის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია ვიზიტის მიზნებთან. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებული იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა, რაც დღეს შეწყვეტილია.

ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია ამ სამი ქვეყნიდან რამდენ მოქალაქეს ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე უარი. 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340, უკრაინის 65, ხოლო ბელარუსის 16 მოქალაქეს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 0,75%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

“სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში, მოთხოვნის შესაბამისად არ იყო მითითებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები.
რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები (2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა 30 ათასზე მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე) .

IDFI მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რუსეთის და მისის მოკავშირე ქვეყნის მოქალაქეების დარჩენის მზარდი ტენდენცია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც საჭიროებს შესაბამისს ღონისძიებებს მსგავსი რისკების შემცირების კუთხით”,-წერია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა