მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შემოსვლით Concentrix-ის მსგავსი კომპანიები არიან დაინტერესებულნი - სააგენტო "აწარმოე საქართველოში"

617522d107642
ელენე გოგბერაშვილი
24.10.21 13:40
1061
როგორც ცნობილია, „სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.

Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.

როგორც #ფორბსკვირასთან ინტერვიუში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი აცხადებს, მინიმუმ ორ მსგავს კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ სახელდება.

„Concentrix-ის შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ქვეყნისათვის, მიზეზი ისაა, რომ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულება, რომელზეც წლებია ვამბობთ, რომ ეს არის პრიორიტეტი, რეალურად ამ მხრივ შედეგიც დაიდება. Concentrix-ის შემოსვლა იყო ამის დადასტურება. ქვეყანაში რა თქმა უნდა გვყავს სხვა კომპანიები, რომელიც ამას აკეთებენ, მაგრამ Concentrix-ი თავის სექტორში უმსხვილეს 5 კომპანიას შორისაა, შესაბამისად მისი შემოსვლა უკვე ნიშანია როგორც ქვეყნის მზაობის შესახებ, ასევე სხვა კომპანიებისთვის, რომ საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ სწორი კვალიფიკაციის სამუშაო ძალა და არის საოპერაციოდ მზა ქვეყანა. შესაბამისია ამის, რომ უკვე გამოჩნდნენ სხვა კომპანიებიც ჰორიზონტზე, რომლებიც გვესაუბრებიან იმაზე, რომ დაინტერსებულნი არიან საქართველოთი და მათაც უნდათ შემოსვლა.

რაც შეეხება Concentrix-ის შემოსვლას, მათ აიყვანეს უკვე თანამშრომლები საქართველოში, ახლა მიდის ტრენინგის პროცესი, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება და მათაც დიდი გეგმები აქვთ საქართველოში.

მინიმუმ ორ მსგავსი ზომის კომპანიასთან არის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ნამყოფიც არიან საქართველოში და ნანახი აქვთ ადგილზე ყველაფერი, მეორეს ვეპატიჟებით და ველოდებით ჩამოვიდნენ“-აცხადებს ზირაქიშვილი.