15.ივნისი .2021 20:50

საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისთვის ახალგაზრდულ პროექტებს EU-ს გრანტი გადაეცემათ

საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისთვის ახალგაზრდულ პროექტებს EU-ს გრანტი გადაეცემათ
views 285
უკან

ხვალ, 12 საათზე, ქალაქ რუსთავში, გაიმართება ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროექტის „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში“ (SEAG) ფარგლებში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებთან ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია.

გამარჯვებული ახალგაზრდული სოციალური საწარმოების პირველ ჯგუფს წარმოადგენენ: „კაფუნე“, „კოდალა“, „ცოდნის კაფე“, „ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და შრომითი მიგრაციის პრევენციის ცენტრი“, „მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი“, „ნუცარტი“ და „ჯულია“, რომლებიც ოპერირებენ: ტურიზმის, ჰორეკას, ხელნაკეთი ნივთების, სათამაშოების წარმოების, საგანმანათლებლო, კერვისა და მექანიზაციის მიმართულებით.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ღია და კონსტრუქციულ გარემოში გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და იდეები საქართველოში ახალგაზრდა სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

მთლიანობაში, 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, SEAG-ის პროექტის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 68 ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და სტარტაპმა მიიღო კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთის რეგიონებიდან.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი SEAG პროექტი უნიკალურ შანს აძლევს საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად უზრუნველყონ არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება. პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა