მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, ტურიზმის სექტორში 220 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო - ექსპერტი

5fd4b68380d4e
მარიამ ადამია
12.12.20 19:00
944
„ტურიზმი თავისი მომიჯნავე სფეროებით ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდა და შესაბამისად საზღვრების ჩაკეტვამ და ეკონომიკის გაჩერებამ, გამოიწვია ის, რომ ოფიციალური მონაცემებით, 220 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, თუმცა, ეს რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა,“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, ტურიზმის ექსპერტმა, თამთა შამათავამ ისაუბრა.

მისი თქმით, პეტიციაც შეიქმნა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი და მიზნად ისახავდა სექტორის ამოქმედებას, თუმცა სახელმწიფომ ყურადღება მათ არ მიაქცია.

„ტურიზმის სექტორი, რომელიც ქართული ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნაწილია, კვალიფიციურ კადრებს კარგავს. დაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა ის, რომ დღემდე იხურება მაღაზიები, კვების ობიექტები, სასტუმროები, რომლის უკან დგანან ოჯახები. ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში დასაქმებულები. პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ დაწყებული სამრეცხაოებიდან, რომლებიც ემსახურებოდნენ სასტუმროებს, ასევე გიდები, ტურ-ოპერატორები, მძღოლები და ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ისევე როგორც მზარდია უმუშევართა რიცხვი ქვეყანაში. პარალელურად კი, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცვლადი მონაცემების ფონზეც, პროგნოზები სავალალოა,“ - აღნიშნა შამათავამ.

ტურიზმის ექსპერტის თქმით, კომუნიკაციაც პრობლემაა დღეს საჯარო და კერძო სექტორს შორის.

„ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი მთის კურორტებზე სასტუმროების წარმომადგენლებს ეუბნება, რომ მათ ლოქდაუნი არ ეხება. ამ ადამიანებმა აიღეს სესხი, რომ მოაწყონ სასტუმროები, რომ მზად იყვნენ და მოერგონ კოვიდ-რეალობას, თუმცა მოგვიანებით მინისტრის განცხადების საპირისპირო ვითარება დადგა ქვეყანაში და ახლა ამ ადამიანებს დამატებითი სესხის სახით ახალი თავსატეხი გაუჩნდათ", - განაცხადა თამთა შამათავამ.