26.ოქტომბერი .2020 15:23

საქართველოში უცხოელ სტუდენტებს დაზღვევის ქონას კანონი დაავალდებულებს

views 270
უკან

საქართველოში უცხოელ სტუდენტებს დაზღვევის ქონას კანონი დაავალდებულებს. აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, დავით კორახაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განმარტა, ინიციატივის წარდგენა კორონავირუსმა განაპირობა. მისივე თქმით, ამჟამად საკითხს მთავრობის დადგენილება არეგულირებს, თუმცა გამომდინარე ჯანდაცვის გრძელვადიანი პერსპექტივიდან, აუცილებელი გახდა, მას კანონის სახე მიეცეს. 

მთავრობის ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შევა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში“.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რამდენ ლარიანი პაკეტი უნდა ჰქონდეთ უცხოელ სტუდენტებს ან რამდენი ხნით და ა.შ., თუმცა კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, ხოლო მთავრობის დადგენილებაში სავალდებულო დაზღვევის ქონის აუცილებლობის შესახებ მხოლოდ ზოგადი მოთხოვნაა დაფიქსირებული.

კერძოდ, 2020 წლის 9 სექტემბერს მიღებულ დადგენილებაში წერია:

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები“.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე თქვა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი მოწვევის პარლამენტი მას მიუბრუნდება.

"უცხოელი სტუდენტი ვალდებული იქნება, რომ იქონიოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც საქართველოში ყოფნისას ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აუნაზღაურებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და გრძელვადიანიც, ამიტომ ამას პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება შემდგომ, პირველივე სხდომებზე“, - ამბობს თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა