17.აპრილი .2021 16:56

საქართველოში უნაღდო ხარჯვა 2019 წელთან შედარებით იზრდება - TBC Capital

საქართველოში უნაღდო ხარჯვა 2019 წელთან შედარებით იზრდება - TBC Capital
views 292
უკან

საქართველოს რეზიდენტების მიერ ჯამური უნაღდო ხარჯვა, 2019 წელთან შედარებით, მაღალ ზრდას ინარჩუნებს - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკის ყოველკვირეული აღდგენის დინამიკაშია ნათქვამი, სადაც 6-12 აპრილის პერიოდში სხვადასხვა სექტორში უნაღდო დანახარჯების ცვლილების მაჩვენებელია მიმოხილული.

აღდგენის დინამიკის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებმა პირებმა უნაღდო ხარჯები სურსათსა და ფარმაციაზე, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე, საწვავზე, მანქანის შეკეთებაზე, ექიმთან ვიზიტებზე გაზარდეს, ხოლო ფიტნესსა და ელექტრონიკის შეძენაზე შეამცირეს:

• სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები 6-12 აპრილის პერიოდში წ/წ 10%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით, ზრდამ 96% შეადგინა, რაც ნაწილობრივ ჯამურ ხარჯვაში უნაღდო დანახარჯების წილის ზრდას ასახავს;
• 2019 წელთან შედარებით, სურსათისა და ფარმაციის გარდა კატეგორიებზე უნაღდო დანახარჯები 12 აპრილით დასრულებულ კვირაში 69%-ით გაიზარდა (4x ზრდა წ/წ);
• ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო ხარჯვა 6-12 აპრილის პერიოდში 2019 წელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა;
• ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გასულ კვირაში 4%-მდე შემცირდა;
• გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ დაბალ ნიშნულზეა და ბოლო მონაცემით -64%-ს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია;
• 2019 წელთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები 6-12 აპრილის პერიოდში 90%-ით გაიზარდა;
• ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 12 აპრილით დასრულებულ კვირაში 89% შეადგინა;
• ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 68% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია;
• პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები 6-12 აპრილის პერიოდში 74%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით. სხვა სამომხმარებლო საქონელზე დანახარჯების ზრდამ იმავე პერიოდში 30% შეადგინა;
• 2019 წელთან შედარებით, მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა 6-12 აპრილის პერიოდში 87%-ს გაუტოლდა;
• საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯებში 53% ზრდა დაფიქსირდა;
• ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები 12 აპრილით დასრულებულ კვირაში, 2019 წელთან შედარებით 67%-ით გაიზარდა;
• სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა იმავე პერიოდში 58%-ს გაუტოლდა;
• 2019 წელთან შედარებით, არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა 12 აპრილით დასრულებულ კვირაში -58% შეადგინა;
• 6-12 აპრილის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა -17% შეადგინა რესტორნებსა და კაფეებში, ხოლო -36% - სასტუმროებში.