15.აგვისტო .2019 14:01

საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისთვის ლოკაციები შეირჩევა

views 507
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მასში სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან.

"საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესის ფარგლებში, სააგენტოს მიერ, შეირჩევა ყველა ის გეოგრაფიული წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის მოწყობა და ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის მიერ, ხდება რელიეფის, არსებული მაღლივი დაბრკოლებების, შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებული შენობა ნაგებობების და გაბატონებული კლიმატური პროცესების (ქარის მიმართულება) შესწავლა.

დღეის მდგომარეობით, უკვე შესწავლილია კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. სპეციალისტების მიერ შეირჩა 57 წერტილი (კახეთი 28; მცხეთა-მთიანეთი 29), მიმდინარე დღეებში კი ჯგუფი ტერიტორიების შესწავლას რაჭაში განაგრძობს.

საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მომზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც საჯაროდ განთავსდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის", – განმარტავენ სამინისტროში.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მომზადებულია ცვლილების პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომლის თანახმადაც ჩნდება საფრენი მოედნის განმარტება. აღნიშნული ცვლილებით, საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს. მოხდება მხოლოდ მათი რეგისტრაცია, ვერტმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით.

"ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია, აეროდრომისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. ვერტმფრენი, განსხვავებით თვითმფრინავისგან ხასიათდება, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით. საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება", – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა