მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებულ სასუქზე დეფიციტია - "ეს ქართული სენია, ყველა ერთდროულად მიაწყდა"

624c4e9579dcb
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 18:45
1393
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს ყველაზე დეფიციტური ის სასუქია, რომელიც აქვე, ლოკალურად იწარმოება.

პარლამენტში აგრარული კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოფლის მეურნეობაში სასუქების დეფიციტის შესახებ ჰკითხა და თქვა, რომ აზოტოვანი სასუქების ადგილობრივ მწარმოებელ „რუსთავის აზოტს“ საქონლის რეალიზებისას თითოეულ ფერმერზე მხოლოდ 10 ტონამდე სასუქის გაყიდვა აქვს დაშვებული, რის გამოც ფერმერები გამოწვევების წინაშე დგებიან.

კითხვის საპასუხოდ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ იმპორტირებულ სასუქებთან და პესტიციდებთან მიმართებით ბაზარზე პრობლემები არ არის, რადგან იმპორტიორებს მოთხოვნის 95% უკვე შემოტანილი აქვთ.

„ყველაზე დიდი პრობლემა იმ სასუქზეა, რომელიც ქვეყანაში იწარმოება“, - განაცხადა მან.

გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, დღეს ფერმერებს აზოტოვანი სასუქების შეძენისას 2 პრობლემა ექმნებათ, სამინისტრო კი „რუსთავის აზოტთან“ ბაზარზე არსებული დეფიციტის შესავსებად მუშაობს.

„აზოტოვან სასუქები საკმაოდ მძიმე პრობლემაა. პირადად ვესაუბრებით კომპანიის ხელმძღვანელობას. აქ ორი პრობლემაა: პირველი - პროდუქტის გაძვირება. გასულ წელს თუ აზოტის ფასი დღგ-სთან ერთად 735 ლარი იყო, ახლა 1 349 ლარზეა, ამას საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდა განაპირობებს. მეორე, რაც შევძელით: „რუსთავის აზოტი“ დღეში 300 ტონა აზოტს ყიდდა, ჩვენი დიალოგის შემდეგ ეს მოცულობა 500 ტონამდე გაიზარდა. გასულ წელს ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზრისთვის დღიური მიწოდება 800 ტონა იყო, ამიტომ შევეცდებით, რომ წელსაც ადგილობრივი ბაზრის მომარაგება ამ მოცულობამდე გაიზარდოს. 

ამასთან, გადატვირთვა კვირაში 5 დღეს ჰქონდათ და ახლა დაემატა შაბათიც. ანუ კვირში 2 500 ტონა ტვირთი გადის ადგილობრივ ბაზარზე და თუ გემების დატვირთვა არ აქვთ, კვირასაც ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ პროდუქტი. სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის მოცულობას ვერ ზრდიან, რადგან ექსპორტზე საქონელი 2 000 დოლარად გააქვთ, ქვეყნის შიგნით კი გაცილებით დაბალ ფასად იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მათთვის ზარალიანია.

ფაქტობრივად სასუქზე ცოცხალი რიგებია და ეს ქართული სენია, ყველა ერთდროულად მიაწყდა. შემოდგომის თვეებში რიგები არ იყო და კომპანია იხვეწებოდა, რომ პროდუქტი ეყიდათ, თუმცა არავინ ყიდულობდა. კახეთში, ვინც ცოტა ორგანიზებული ფერმერია, დიდი ხანია სასუქი ნაყიდიც აქვს და შეტანილიც. ახლა თოვლი დადნა და მოთხოვნის ტალღა წამოვიდა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.