24.იანვარი .2023 15:37

საქართველოში წიგნზე მოთხოვნა იზრდება - რა მდგომარეობაა ბაზარზე?

საქართველოში წიგნზე მოთხოვნა იზრდება - რა მდგომარეობაა ბაზარზე?
views 768
უკან

საქართველოში წიგნების მიმართ ინტერესი და მკითხველთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მაღაზიებში სხვადასხვა ჟანრის წიგნების სულ უფრო ფართო ასორტიმენტი ჩნდება. მზარდი ინტერესი კი, წიგნის გამომცემლების წარმოებასა და რეალიზაციაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

2022 წელი „სულაკაურის გამომცემლობამ“ 12%-იანი ზრდით დაასრულა. გასულ წელს კომპანიამ 525 წიგნი გამოსცა, ჯამურად გაყიდული წიგნების რაოდენობამ კი 1,5 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. მათი მომხმარებლების უდიდეს ნაწილს სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა მშობლები შეადგენენ.

„სულაკაურის გამომცემლობის“ დამფუძნებლის, თინა მამულაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წიგნის ბაზარი უკვე გაჯერებულია, გამომცემლობაში მიმდინარე წელს კვლავ 12%-იან ზრდას ვარაუდობენ.

„ახალგაზრდა მშობლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ისინი ძალიან პატარა ასაკის ბავშვებისთვის ყიდულობენ წიგნებს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ მოსწავლეები უკვე მეტს კითხულობენ და სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ტიპის ლიტერატურით ინტერესდებიან. მათ არც უფროსები ჩამორჩებიან და საუფროსო ლიტერატურაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩვენს მაღაზიებზე დაკვირვებით, პატარა ასაკის მშობლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და პატარა ასაკის, 2-3 წლის ბავშვებისთვის ყიდულობენ წიგნებს. მათთვის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, რაც ადრე ასე არ იყო. ასევე, ძალიან აქტიურობენ სკოლის მოსწავლეები და მათი საყვარელი სერიებია: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ და „საოცრება“. ერთ-ერთი წიგნი, რომლის 10 000 ეგზემპლარი გაიყიდა გასულ წელს - არის „ბიჭი ბოლო მერხზე“, რომელიც 11-12 წლის ბავშვების საკითხავია. რაც შეეხება ზოგადად ასაკობრივ ჯგუფს, ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად 25-45 წლის ადამიანები არიან. მათთვის ბევრი საინტერესო გამოცემა მოვამზადეთ, განვაახლეთ „ლიტერატურული ოდისეის“ სერია და მას ბევრი ახალი თარგმანი შევმატეთ. ასევე, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომელთა მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს თინა მამულაშვილი.

2022 წელი 20%-იანი ზრდით დახურა გამომცემლობა „ინტელექტმაც“. მათი მომხმარებლების უდიდეს ნაწილსაც ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურით, ნობელის პრემიების ლაურეატების შემოქმედებითა და ისტორიული ლიტერატურით ინტერესდებიან. განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს საბჭოთა პერიოდში აკრძალული წიგნების სერიაც.

როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი, კახა კუდავა BMG-სთან აცხადებს, ის, რომ წიგნებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, უპირველესად, წიგნის ფესტივალების დამსახურებაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აქტიურად ტარდება.

„წიგნის ფესტივალები ჩვენ ძალიან გვეხმარება. 2 თუ 3 ფესტივალი ჩატარდა ახლა. საახალწლოდ ასევე არატრადიციული ფესტივალი ჩატარდა. ამან დიდი შემოსავალი მოგვცა, თორემ მხოლოდ მაღაზიაში ბევრი ხალხი არ დადის. ჩვენ ასევე გვაქვს სატელეფონო გაყიდვები და გარდა ამისა, დავდივართ ორგანიზაციებში და საღამოებს ვაწყობთ. მკითხველთა რაოდენობა საქართველოში მუდმივად მზარდია, ისინი ძალიან გათვითცნობიერებული არიან და ვერც კი წარმოიდგენთ, რა დონის მკითხველი ჰყავს ჩვენს ქვეყანას. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდებს მსყიდველობითი უნარი ნაკლებად აქვთ“, -აცხადებს კახა კუდავა.

გარდა გამომცემლობებისა, ზრდა ჰქონდათ წიგნის სარეალიზაციო ობიექტებსაც. მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ შარშან 2,2 მილიონი წიგნის ეგზემპლარი გაყიდა. 2021 წელთან შედარებით 2022 წელს „ბიბლუსის“ გაყიდვები 25%-ით გაზარდა.

როგორც „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე BMG-სთან აღნიშნავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნა განსაკუთრებით უცხოენოვან მხატვრულ ლიტერატურაზე გაიზარდა.

„საქართველოში წიგნის ბაზარი საგრძნობლად იზრდება. ჩვენს ქვეყანაში ადამიანები სულ უფრო მეტს კითხულობენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მოზარდი თაობაა. მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ ისინი ცდილობენ ლიტერატურა არა ნათარგმნი, არამედ ორიგინალ ენაში წაიკითხონ და მოთხოვნა ამ მიმართულებითაც მზარდია. განსაკუთრებით ინგლისურენოვან ლიტერატურას ითხოვენ, თუმცა ჩვენ ასევე შემოვიტანეთ გერმანულენოვანი და იტალიური ლიტერატურაც, რადგან მოთხოვნა მათზეც იყო. გარდა ამისა, ქართველი მწერლების შემოქმედებაც საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადი გახდა“, - აცხადებს ირაკლი გაგნიძე.

სექტორის წარმომადგენლების თქმით, ქართულმა საგამომცემლო სფერომ პანდემიური სირთულე უკვე გადალახა და წარმოებისა და რეალიზაციის ზრდა წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო ერთ მოსახლეზე გამოცემული თუ გაყიდული წიგნების რაოდენობით არა მხოლოდ რეგიონსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობს, არამედ ადგილს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა