მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა - PMCG-ის თებერვლის მონაცემები

6243337894468
მარიამ ვარადაშვილი
29.03.22 22:22
1111
PMCG კვლევითი ცენტრი 2022 წლის თებერვლის დასაქმების მაჩვენებლებს აქვეყნებს. კერძოდ, PMCG-ის მონაცემების თანახმად, თებერვალში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურ ჭრილში 7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ხელფასის მოცულობებს, მიმდინარე წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გასული წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, ჯამში ხელფასს საშუალოდ 916 ათასი ადამიანი იღებდა, აქედან საშუალოდ 228 ათას 600 ლარამდე თვიური ხელფასი ჰქონდა. როგორც PMCG-ში ამბობენ, აქ იგულისხმება საშემოსავლო გადასახადიც, რაც საქართველოში 20%-ს შეადგენს.

მე-4 კვარტალში ყველაზე მეტ დასაქმებულს, საშუალოდ 266 ათას ადამიანს, ხელფასი 1201-2400 ლარამდე შუალედში ჰქონდა. 2022 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

2021 წლის IV კვარტალში, BAG დასაქმების ბარომეტრმა 20.5 ქულა შეადგინა, რაც III კვარტალთან შედარებით, 8.8 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

2021 წლის IV კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 32.7%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, 6.6%-მა შეამცირა, ხოლო 60.7%- მა არ შეცვალა. 2022 წლის I კვარტალში BAG დასაქმების ბარომეტრმა 24.9 ქულა შეადგინა, რაც 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით, 4.4 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 2022 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 18.7%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 9.3%-მა შეამცირა, ხოლო 72%-მა არ შეცვალა.

გამოკითხული კომპანიების 29% აპირებს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის II კვარტალში, 3.7% კი შემცირებას გეგმავს, ხოლო 67.3%  რაოდენობის ცვლილებას არ აპირებს.

PMCG-ის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2022 წლის II კვარტალში კომპანიათა 38% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.