მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხმაურის კონტროლი უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებსაც მოუწევთ

5dedf933789dd
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 11:32
761
7 დეკემბერს, პროფესიული დღის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და საავიაციო ინდუსტრიის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
სააგენტოს 2020 წლის სამოქმედო გეგმების პრეზენტაციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ შემდეგი მსხვილი აქტივობები გამოყო:

• საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად. წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. 2013 წლიდან აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ქართულ ავიაკომპანიებზე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება;

• ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად დაბრკოლებათა კონტროლის პროცესის დახვეწა. ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დადგინდება აეროდრომის დაცვის არეები და ამ არეებში დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობების განთავსების, ნიშანდების, შეზღუდვების დაწესების წესები და პირობები;

• საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ;

• ტექნიკური მომსახურების საწარმოების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც უზურველყოფს ტექნიკური პერსონალის მოწმობის სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან (Reg. 1321/2014, Part-145, Part-66);

• ქვეყნის შიგნით კომერციული ოპერირების შესაძლებლობის გამარტივების მიზნით, სპეციალიზირებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა (პატრულირება), სამშენებლო სამუშაოები და სხვა) რეგულირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად (Reg. 965/2012);

• დრონების ელექტრონული რეგსტრაციის სერვისის ამოქმედება, რომელიც ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებისთვის (რეგისტრაცია, რეგისტრირებული დრონების მონაცემები, რეგულაცია, ონლაინ ტესტირება, რუკები, ინფორმაცია შეზღუდული არეების შესახებ და ა.შ.);

• სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი ამოქმედება, რომელიც მაქსიმალურად მოქნილი და ინფორმატიული იქნება როგორც საავიაციო ინდუსტრიისთვიის ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.