მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - TI

641d4ee69acdc
მარიამ ვარადაშვილი
24.03.23 11:32
575
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2022 წლის მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზიანია.

ორგანიზაციამ შეისწავლა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში და დაადგინა, რომ: ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს; 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის; შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო; უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული;

TI-ის თანახმად, 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%).
მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.

“2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა.

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს, 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი - 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა; საყურადღებოა, ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.

TI-ის შეფასებით, საგანგაშოა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების წარდგენისას ინფორმაციის მასშტაბურად დამალვა/არ მითითება ან არასრულად წარდგენა, გარდა იმისა რომ კანონის პირდაპირი დარღვევაა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გარე მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებას. 

“სამწუხაროდ, საქართველოში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის გამოსავლენად. 6 წლიანი მონიტორინგის შედეგად ჯამში პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, მაშინ როცა წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია. პროკურატურაში გაგზავნილ დეკლარაციათა დაბალი რაოდენობა და შესაბამისი რეაგირების არ ქონა მონიტორინგის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ექვსი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ჯარიმით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება. ყურადღების მიღმა რჩება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათ შორის სავარაუდო უკანონო გამდიდრების შემთხვევები. 2022 წელს ბიუროს პროკურატურისთვის არცერთი შემთხვევა არ გაუგზავნია”,-წერია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საქართველოს მთავრობას, მათ შორის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიუთითებს დეკლარაციების არსებული მექანიზმის ნაკლოვანებებზე და მათი აღმოფხვრის გზებს სთავაზობს:

საჭიროა გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;

განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა;

საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.