მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" ახალმა მფლობელმა თბოსადგური შესაძლოა, ტყიბულში არ ააშენოს

5d8e11a0e84ff
ლიკა გურაბანიძე
27.09.19 18:20
2528
"ინვესტორს ვადებში თბოსადგურის მშენებლობის ვალდებულებასაც დავაკისრებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე "შაქნახშირის" მომავალ მფლობელ კომპანია Steel International trade company-ის დაუკავშირდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩოჩია აცხადებს, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურზე სახელმწიფოსთან შესაბამისი დოკუმენტი გაფორმდება, რომელიც ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობის ვადებს განსაზღვრავს.

"თბოელექტროსადგური დაახლოებით 150 მგვტ-იანი უნდა იყოს. დოკუმენტი ჯერ ხელმოწერილი არ არის და როდესაც მზად იქნება, ის გასაჯაროვდება და ამ პროექტის დასრულების ვადებს და ვალდებულებით ნაწილს ყველანი ნახავთ", - განაცხადა ჩოჩიამ.

კომპანიის Steel International trade company-ის წარმომადგენლის განმარტებითვე, თბოელექტროსადგურის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დეტალები მომავალში გახდება ცნობილი, რადგან ჯერ მოწვეული სპეციალისტების ჯგუფის მიერ კონკრეტული ტერიტორიის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს. როგორც ალექსანდრე ჩოჩია აღნიშნავს, თბოსადგური შესაძლოა, ტყიბულს გარეთ იყოს.

"რამდენიმე მიმართულება განიხილება. სპეციალისტების ჯგუფი გეოლოგიას და ტერიტორიებს შეისწავლიან და ამის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი ტერიტორია იქნება შერჩეული. ახლა რომ ვთქვათ, ტყიბულიდან 10, 15, 20 თუ 100 კმ იქნება, ამას ვერ დაგიდასტურებთ. არ არის გამორიცხული ტყიბულში არ იყოს. თუ ინფრასტრუქტურა სხვაგან უკეთეს შესაძლებლობებს მოგვცემს, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ. ეკონომიურობიდან გამომდინარე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული", - განმარტა ჩოჩიამ.

ცნობისთვის: "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) დასავლეთ საქართველოში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენებას ჯერ კიდევ 2015 წლიდან გეგმავდა. ტყიბულში 180–200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თბოელექტროსადგური ჩინურ ჰოლდინგს Dongfang Electric-ს უნდა აეშენებინა.